დიღმის მასივში 8-სულიანი ოჯახის ბინიდან გამოსახლებას ცდილობენ. ადგილზე შეკრებილი არის მოსახლეობა, მეზობლები, ოჯახის ახლობლები და პროცესს წინააღმდეგობას უწევენ. იქ ასევე იმყოფება სახალხო დამცველის წარმომადგენელი და საპატრულო პოლიცია.
როგორც ოჯახის ერთ-ერთი წევრი, ილო სეხნიაშვილი ჟურნალისტებთან ამბობს, სახლში 4 მცირეწლოვანი ბავშვი ჰყავთ. მასთან ერთად ცხოვრობს, ასევე, დედა და 2 და.
„პუბლიკის” კორესპონდენტის ცნობით, ოჯახის წევრების ნაწილი ბინაში რჩება. მათი თქმით, ავეჯის უმეტესი ნაწილი ბინიდან უკვე გატანილია, რჩება მხოლოდ 1 საწოლი, რომელზეც მათი ავადმყოფი დედა წევს.
„4 მცირეწლოვანი ბავშვი მანქანაში გვიზის… დაცალეს უკვე სახლი, გამოგვყარეს. მტვერივით გამოგვხვეტეს სახლიდან“, – ამბობს სეხნიაშვილი.
ის ჰყვება, რომ რამდენიმე წლის წინ მიკროსაფინანსო ორგანიზაციიდან (UFC ჯგუფი) იპოთეკური სესხი აიღეს. თანხა ოჯახში არსებული პრობლემების გამო დასჭირდათ. გთავაზობთ მის კომენტარს:
„15 ათას დოლარად ჩავდეთ სახლი იპოთეკაში, 300 დოლარს ვიხდიდით ყოველთვე, მხოლოდ პროცენტს. მარტო რამდენიმე თვე შევძელით და მერე ვეღარ გადავიხადეთ, ვინაიდან ოჯახის ერთი წევრიც არაა დასაქმებული. ვეღარ გადავიხადეთ. მივედი, ველაპარაკე, რომ ვეღარ ვიხდი და მინდა, რომ გავყიდო ბინა, რათა მთლიანად დავფარო დავალიანება. 2 კვირა მომცეს, მაგრამ 2 კვირაში ვერ ვანახე კლიენტი და გადასცეს სააღსრულებლოს. სააღსრულებლომ 2 თვის განმავლობაში გაყიდა 20 ათას დოლარად. ამ დროის განმავლობაში მე ვეძებდი კლიენტს, მაკლერები ჩართული მყავდა. 37-ათასიანი კლიენტი ვნახე 3-ოთახიანი ბინის და არ გავყიდე. ამ პროცესებში ვიყავი და დაგვეღუპა ბებია ოჯახში. აუქციონისა და ბინისთვის იმ მომენტში აღარავის აღარ არ ეცალა. გადმოვერთეთ აქეთ და გამოგვეპარა მომენტი. გაგვიყიდეს ბინა და 2 დღეში მოვიდა მეპარტონე. 20 ათას დოლარად იყიდა ბინა. ვეხვეწეთ, რომ ყველანი მთელი ოჯახი, ბავშვები, ქალები ყველანი ვრჩებით ქუჩაში… დაცალეს სახლი. ახლა დედაჩემი და ჩემი დები არიან სახლში და ველოდები, როგორ გამოყრიან…
2 დღეში მოვიდნენ, პარასკევს აუქციონი რომ დამთავრდა, ორშაბათს მოვიდნენ, ახალგაზრდა ცოლ-ქმარია. შევიყვანე სახლში, ავუხსენი ჩემი სიტუაცია, რომ ამდენი – ქალები, ბავშვები… რომ გვტოვებენ ქუჩაში. ვუთხარი, რომ თქვენი კეთილი ნების იმედზე ვართ. ვუთხარი, რომ არის 37-ათასიანი კლიენტი, გავყიდოთ, 25 ათას მოგცემთ თქვენ, ანუ 2 დღეში 5 ათასს იშოვიდნენ. რომ წავიდნენ, მეორე დღეს კი ბატონო, გაყიდეთო, თანახმა ვართო, მაგრამ 35 ათასი მომეცით მეო. 20 ათასად იყიდა 2 დღის წინ და 35 ათასს მთხოვს მე. აი, იმის მერე ასეთ სიტუაციაში ვართ. მესამე წელია აღარ შეგვიძლია, ყოველდღე ამ ამბავს ველოდებით.
30 ათასს ვაძლევთ, ვეხვეწებით. პრინციპულად უნდათ ჩვენი ქუჩაში დატოვება? ისეთი უემოციოა, ვერც დაველაპარაკეთ. გამოშვებული ჰყავს წარმომადგენელი, რომელსაც ერთი სიტყვა აქვს დაბარებული – არა. ყველაფერზე ამას ამბობს.
ახლა ველოდები, რომ წავლენ. შევალ უკან და შევზიდავ ყველაფერს. რომ გამოვიდე, უბრალოდ, სად წავიდე?“, – ამბობს ილო სეხნიაშვილი.