განათლების სამინისტროს რომელ პროგრამებს შეუმცირდება ბიუჯეტი – 2020 წლის ბიუჯეტის პროექტი

პუბლიკა

დღეს მთავრობის ადმინისტრაციამ 2020 წლის ბიუჯეტში ცვლილებების პროექტი წარმოადგინა.

პარლამენტისთვის გაგზავნილ პროექტის დოკუმენტში ვკითხულობთ, რომ საერთაშორისო სავალუტო ფონდთან შეთანხმებული ჩარჩო ითვალისწინებს რელური მშპ-ს შემცირებას 4,0 პროცენტით, შემოსავლების დანაკლისს 1,7 მლრდ ლარზე მეტით, არსებულ ბიუჯეტში მიმდინარე და კაპიტალური ხარჯის შემცირებას 600.0 მლნ ლარამდე ოდენობით.

წარმოდგენილ პროექტში წერია, რომ მიმდინარე წლის მარტიდან მნიშვნელოვნად შეიზღუდა ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილი.

„ბუნებრივი ფაქტორების (პანდემიიდან გამომდინარე შეზღუდვები) გათვალისწინებით იზღუდება კულტურული, სპორტული და ტურიზმის მიმართულებით დაგეგმილი ღონისძიებები, ასევე, გადაიხედა 2020 წლისათვის განათლების რეფორმის ზოგიერთი მიმართულება. კაპიტალური პროექტების ნაწილში შემცირება ძირითადად ეხება ტურისტულ ინფრასტრუქტურას, ასევე იმ პროექტებს, სადაც იმპორტის წილი განსაკუთრებით მაღალია. შედეგად ნაერთი ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილი ჯამურად მცირდება დაახლოებით 600.0 მლნ ლარის ოდენობით“

პროექტის მიხედვით, განათლების, მეცნირების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ასიგნებები მცირდება ჯამში 127,7 მლნ ლარის ოდენობით, მათ შორის მიმდინარე ხარჯების ნაწილში შემცირებულია 89,6 მლნ ლარის, ხოლო კაპიტალური ხარჯის ნაწილში 38,1 მლნ ლარის ოდენობით.

ძირითადი პროგრამების მიხედვით მცირდება:

✓ სკოლამდელი და ზოგადი განათლება – 20,4 მლნ ლარი;

✓ პროფესიული განათლება – 6,3 მლნ ლარი;

✓ უმაღლესი განათლება – 3,0 მლნ ლარით;

✓ მეცნიერებისა და სამეცნიერო კვლევების ხელშეწყობა – 3,9 მლნ ლარით;

✓ ინფრასტრუქტურის განვითარება – 17,6 მლნ ლარით;

✓ კულტურის დაფინანსება – 20,7 მლნ ლარით;

✓ სპორტის დაფინანსება – 53,3 მლნ ლარით;

✓ სხვა დანარჩენი პროგრამები და ხარჯები – 2,5 მლნ ლარით;