დღეს თბილისის მერიასთან აქცია გაიმართა სახელწოდებით – „შეაჩერე ბეტონი“. აქციაზე შეკრებილი მოქალაქეები დიღმის ჭალებში „ანას ბაღის“ მიმდებარე ტერიტორიაზე მშენებლობას აპროტესტებდნენ. ისინი კომპანიისთვის ადგილის შეცვლას და ვერეს ხეობაში მშენებლობების შეწყვეტას მოითხოვდნენ.
გარემოსდამცველ ლაშა ჩხარტიშვილის თქმით, თბილისში ეკოციდის მასშტაბი ძლიერდება და საჭიროა საზოგადოების აქტიურობა.
„თბილისის ეკოციდის მასშტაბი ძლიერდება. „ანას ბაღი“; „ალუბლების ბაღი“, დიღმის ჭალები, თუნდაც ვერეს ხეობა, სადაც მიუხედავად ტრაგედიისა, კვლავაც გრძელდება მშენებლობების ნებართვის გაცემა და სამშენებლო აქტივობა, ადასტურებს იმას, რომ საზოგადოების აქტიურობა არ იყო საკმარისი. ამიტომ გამოვდივარ ინიციატივით, ყოველი თვის მეორე შაბათს შევიკრიბოთ სხვადასხვა უბნის მოსახლეობასთან ერთად და ვაიძულოთ კალაძე, ივანიშვილი თუ ცენტრალური ხელისუფლება, უარი თქვან ჩვენი ჯანმრთელობისა და სიცოცხლის ხარჯზე ფულის შოვნაზე“, – თქვა ლაშა ჩხარტიშვილმა „პუბლიკასთან“.
დღეს პრემიერ-მინისტრმა – გიორგი გახარიამ, ინფრასტრუქტურის მინისტრმა – მაია ცქიტიშვილმა და თბილისის მერმა – კახა კალაძემ განახლებული „მზიურის პარკი“ გახსნეს.
„მე გაძლევთ პირობას, რომ ჩვენი ქალაქი იქნება ევროპაში ყველაზე მწვანე, ყველაზე ლამაზი“, – თქვა დედაქალაქის მერმა.
კალაძის თქმით, მისი გუნდი შექმნის ქალაქში ყველაზე მეტ რეკრეაციულ სივრცეს.
„მე არჩევნების წინ, როდესაც ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები იმართებოდა, პირობა მივეცით დედაქალაქის მოსახლეობას, რომ ჩვენ ვიქნებით ის ადამიანები, ვინც ყველაზე მეტ რეკრეაციულ სივრცეს, ყველაზე მეტ მწვანე სივრცეს აჩუქებს დედაქალაქს და ჩვენ ამ პირობას აუცილებლად შევასრულებთ, დღეს ეს მზიურის პარკის გახსნაა, მომავალში გაიხსნება კიკვიძის პარკი“, – თქვა მერმა.
დღეს 13 ივნისის სტიქიიდან ხუთი წელი გავიდა. 2015 წლის 13 ივნისის ღამით მდინარე ვერესა და მისი შენაკადების აუზში მოსული დიდი ოდენობით ნალექის შედეგად ვერეს ხეობა დაიტბორა. წყალდიდობის შედეგად დაიღუპა 21 ადამიანი, 2 დღემდე დაკარგულად ითვლება; დაზარალდა ათასობით მოქალაქე; დაიხოცა ზოოპარკის ბინადართა ნაწილი. ტრაგიკული მოვლენების შემდგომ სპეციალისტები, გარემოსდამცველები, აქტივისტები ითხოვდნენ, რომ ვარაზის ხევში არ გაცემულიყო ახალი მშენებლობის ნებართვა. თუმცა რიგ ობიექტებზე მშენებლობის ნებართვა მომდევნო წლებში მაინც გაიცა.