რუსთაველის გამზირზე 20-21 ივნისის მოვლენების ერთი წლის თავზე პარლამენტთან მოძრაობა „სირცხვილია” პოლიტიკოსებთან და აქტივისტებთან ერთად საპროტესტო აქციას მართავს.
აქციაზე მისულებს სიტყვით მიმართა აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილმა ჟურნალისტმა მალხაზ რეხვიაშვილმა, რომელიც 11 მაის არხის დირექტორმა, გიორგი კოხრეიძემ სამსახურიდან facebook-პოსტის გამო გაათავისუფლა.
მალხაზ რეხვიაშვილმა სიტყვით გამოსვლის დროს გამოხატვის თავისუფლების მნიშვნელობაზე და აჭარის მაუწყებელში მიმდინარე პროცესებზე ისაუბრა.
რეხვიაშვილის თქმით, 26 ივნისს აჭარის მაუწყებელთა აქცია გაიმართება.
„მადლობა, რომ ხართ ამდენი და მადლობა ადამიანებს, რომ ჩათვალეს საჭიროდ, რომ მესაუბრა არა მარტო ოკუპაციაზე, არამედ იმაზეც რაც ხდება აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელში. ეს არის ადგილი, სადაც ხელისუფლება ცდილობს, თავისი გავლენები მოიპოვოს და არ დატოვოს სივრცე კრიტიკული აზრისთვის. შეზღუდული დროის გამო მე მოვერიდები დეტალებში შესვლას, მოვერიდები ოკუპაციაზე საუბარს და ვისაუბრებ სიტყვის თავისუფლებაზე, როგორც უმთავრეს უფლებაზე, რომელიც შეიძლება ადამიანს გააჩნდეს. თუ რაღაც არ მოგვწონს, რაღაც გვიჭირს და გვტკივა მთავარია, ჩვენ შეგვეძლოს ვთქვათ და იმისთვის რომ ვთქვათ, გვჭირდება სივრცეები და ასეთი სივრცეა მაგალითად რუსთაველის გამზირი, სადაც გამოვდივართ, როცა რაღაც გვაწუხებს და ხელისუფლებები ყოველთვის თვლიან, რომ აქვთ უფლება თავში ხელი წამოგვარტყან. ეს ასე არ არის და 20 ივნისი უნდა იყოს ბოლო შემთხვევა, როცა ხელისუფლებას მსგავსი თავნებობა გაუვიდა. თქმის უფლება არის ის, რისთვისაც ჩვენ ვიბრძვით აჭარის ტელევიზიაში და რისთვისაც თქვენ იბრძვით დღეს აქ. მე მიხარია, რომ ერთად ვართ ამ ბრძოლაში. 26 ივნისს ჩვენ შევიკრიბებით აჭარის მაუწყებელთან იმისთვის, რომ გავაპროტესტოთ ის, რაც ხდება და მესმის, რომ ყველანი ვერ ჩამოხვალთ, რადგან ბათუმი შორს არის. მაგრამ მე მიხარია და მეიმედება, რომ ადამიანები არიან საქართველოში, რომლებიც იბრძოლებენ სიტყვის თავისუფლებისთვის”, – განაცხადა მალხაზ რეხვიაშვილმა.