„არ ვამხელთ ჩვენს წყაროებს“ - ნოდარ მელაძე სუს-ში გამოიკითხა

პუბლიკა

„ტელეკომპანია პირველის“ გენერალური პროდიუსერი ნოდარ მელაძე ვასამბეკ ბოკოვის საქმესთან დაკავშირებით სუს-ში მოწმის სტატუსით გამოიკითხა.

გამოკითხვის დასრულების შემდეგ მან ჟურნალისტებს განუცხადა, რომ შეკითხვების პირველი ნაწილი ეხებოდა იმას, თუ როდის გაიგო, რომ, სავარაუდოდ, გიორგი გაბუნიას მკვლელობა მზადდებოდა; მელაძის თქმით, სუს-ს აინტერესებდა ჟურნალისტური გამოძიება შაბათის ეთერისთვის ვინმეს დავალებით დაიწყეს თუ საკუთარი ინიციატივით; ასევე აინტერესებდათ, ხომ არ ინახავენ ტელევიზიაში დოკუმენტებს, რომელიც სიუჟეტში იყო ნაჩვენები; რა შინაარსის დოკუმენტებია ჟურნალისტების ხელში და არსებობს თუ არა კიდევ სხვა დოკუმენტებიც;

„ყველა ამ კითხვაზე პასუხი არის ერთი – სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 50-ე მუხლი გვაძლევს საშუალებას, ჩვენი ჟურნალისტური საქმიანობის ფარგლებში მოპოვებული ნებისმიერი ინფორმაციის შესახებ არ მივცეთ ჩვენება”, – განაცხადა მელაძემ.

ნოდარ მელაძე ამბობს, რომ, წყაროს უსაფრთხოებიდან გამომდინარე, უკვე გასაჯაროებულიო დოკუმენტები პირველადი სახით აღარ ინახება;  რაც შეეხება სხვა დოკუმენტებს, „TV პირველის“ წამყვანი და გენერალური პროდიუსერი ამბობს, რომ მომდევნო შაბათისთვის გამოძიების მეორე სერია მზადდება, თუმცა რა აქვთ მოპოვებული, ამას არ აკონკრეტებს.

ნოდარ მელაძე ვარაუდობს, რომ შაბათის ეთერში გასული რეპორტაჟიდან საგამოძიებო უწყებებმა „ბევრი ახალი ამბავი გაიგეს“. მან განაცხადა, რომ გაბუნიას სავარაუდო ლიკვიდაციის საქმის შესახებ „მთავარი არხის“ ბრიფინგიდან გაიგო, დარჩა ბევრი კითხვა, რის შემდეგაც გადაწყდა ჟურნალისტური გამოძიების მომზადება.

ნოდარ მელაძის ადვოკატი ლევან მახარაშვილი აცხადებს, რომ გამოკითხვის პროცედურა გამჭვირვალედ ჩატარდა და, მისი შეფასებით, გამომძიებელი ლოგიკურ შეკითხვებს სვამდა. ადვოკატის თქმით, მიაწოდეს ინფორმაცია, რისი მიწოდების ვალდებულებაც გააჩნდათ, ჟურნალისტური წყაროების შესახებ ინფორმაციის მიწოდების ვალდებულება კი მათ არ აქვთ.

ნოდარ მელაძის გარდა, სუსში გამოკითხვაზე დაბარებულია ჟურნალისტი, გამოძიების ავტორი მაკა ჩიხლაძე.


„tv პირველზე” შაბათს გასული სიუჟეტი ვასამბეკ ბოკოვს ეხებოდა და ავტორის მტკიცებით, მასში ნაჩვენები იყო დეტალები ბოკოვის დოსიედან, რომელიც რუსეთის შსს-შია დაცული. ასევე, იყო ინტერვიუები, სავარაუდოდ, ბოკოვის ოჯახის წევრებთან. სიუჟეტში პირი, რომელიც ბოკოვის ძმად წარადგინეს, ამბობს, რომ ქავთარაძის ქუჩის სპეცოპერაციის კადრებს ბევრჯერ უყურა და მასალაში თავისი ძმა ვერ ამოიცნო.

„არის თუ არა ის ადამიანი ვასამბეკ ბოკოვი, რომელიც ახლა იხდის სასჯელს? იმიტომ, რომ ძმა ჩვენთან ინტერვიუში ამბობდა, რომ მან რამდენჯერმე ნახა ქავთარაძის ქუჩაზე გაკეთებული ვიდეოჩანაწერი, რომელიც ასახავს მისი ძმის დაკავებას. ეს მასალა არის მაღალი გარჩევადობის. ის ამბობს, რომ არც სიმაღლით, არც პარამეტრებით, მისი ძმა არ ყოფილა. გვარი, სახელი, დაბადების თარიღი, ქალაქი, სოფელი – ყველაფერი ემთხვევა, მაგრამ ფიზიკურად ეს მისი ძმა არ არის.

შესაძლოა, თუ არა, რომ ვასამბეკ ბოკოვის ნაცვლად საპატიმროში იჯდეს სრულიად სხვა ადამიანი და დაქირავებული პირის მიმართ სხვა სახის კონსპირაციები ყოფილიყო გამოყენებული. ამ კითხვებს, ვეცდებით, შაბათს გავცეთ პასუხი“, – განაცხადა მელაძემ გამოკითხვაზე შესვლამდე.


სუსის განცხადებით, ყალბი დოკუმენტის შეძენა-შენახვისა და გამოყენების ბრალდებით, დაკავებულია რუსეთის ფედერაციის მოქალაქე ვასამბეკ ბოკოვი.

მათი თქმით ბრალდებულის დაკავება განხორციელდა შეკვეთით განზრახ მკვლელობის მომზადების ფაქტზე დაწყებული სისხლის სამართლის საქმის გამოძიების ფარგლებში.