რურუას საქმეში არ არის ნეიტრალური ან ობიექტური მტკიცებულებები - ომბუდსმენი

პუბლიკა

საქართველოს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია, პარლამენტში, ადამიანის უფლებების დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტში, 2019 წლის ანგარიშს წარადგენს. ომბუდსმენი ამ ანგარიშში ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების დაცვის მდგომარეობას აფასებს.

ნინო ლომჯარიამ თავის გამოსვლაში გიორგი რურუას საქმის შესახებ ისაუბრა.

ობუდსმენის განცხადებით, სახალხო დამცველის აპატარი საქმის მასალებს იცნობს, რაც მათ ადვოკატმა გააცნო.

ამ ეტაპისთვის, ლომჯარიას თქმით, კითხვის ნიშნებს წარმოშობს ის, რომ საქმის მასალებში არ დევს ობიექტური ან ნეიტრალური მტკიცებულებები, რომელიც დაადასტურებდა რურუას მიერ იარაღის ფლობას, მათ შორის არ არსებობენ ნეიტრალური მოწმეები, საქმე პოლიციელების ჩვენებას ეყრდნობა.

„მოწმეები არიან მხოლოდ პოლიციელები და, ბუნებრივია, გიორგი რურუას  მხარე ამბობს, რომ ასეთ ფაქტს ადგილი არ ჰქონია, პოლიციელები ამბობენ, რომ, ასე ვთქვათ,  მანქანაში უპოვეს მას იარაღი, მაგრამ ჩვენ არ გვაქვს ვიდეოჩანაწერები, არ გვაქვს დამოუკიდებელი ან ობიექტური მოწმის  ჩვენებები, რომელიც შეესწრო ან დაასწრეს ჩხრეკას და დაადასტურებდა, რომ იარაღი ნადვილად იყო“, – განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

ობუდსმენი ამბობს, რომ, მიუხედავად მისი შეფასებისა, რამდენად დამაჯერებელია მტკიცებულებები, ამის შესახებ გადაწყვეტილება სასამართლომ უნდა მიიღოს.

ნინო ლომჯარიამ განაცხადა, რომ მნიშვნელოვანია ყველა საგამოძიებო მოქმედების დროს პოლიციის მხრიდან ვიდეოჩაწერის განხორციელება, იმისთვის რომ მსგავსი ეჭვები აღარ წარმოიშვას და საქმეებს ობიექტური მტკიცებულებები ჰქონდეს.


„მთავარი არხის“ ერთ-ერთი მეწილე გიორგი რურუა ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით 2019 წლის 18 ნოემბერს დააკავეს.