18 ნოემბერს საპროტესტო აქციაზე დაკავებული 25 ადამიანის სასამართლო პროცესი კვლავ გადაიდო.
აქციაზე დაკავებული 37 პირის სასამართლო პროცესი გუშინ უნდა გამართულიყო. გუშინ, გვიან ღამით მოსამართლე ვალერიან ფილიშვილმა 12 პირის მიმართ გამოიტანა გადაწყვეტილება. დარჩენილი 25 ადამიანის პროცესი გადაიდო. ადვოკატების თქმით, მათთვის უცნობია, რამდენი ხნით გადაიდო საქმის განხილვა.
საქალაქო სასამართლოში ამბობენ, რომ რადგან გუშინ გვიან ღამით დასრულდა 12 ადამიანის პროცესი, დარჩენილი საქმეების განხილვის დრო განისაზღვრება და დღის განმავლობაში გახდება ცნობილი.
18 ნოემბერს რუსთაველის გამზირზე 37 პირი დააკავეს. ყველა დაკავებულის საქმე მოსამართლე ვალერიან ფილიშვილს აწერია.
შინაგან საქმეთა სამინისტრო მათ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე (სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა) და 166-ე (ხულიგნობა) მუხლებით გათვალისწინებულ სამართალდარღვევას ედავება.