გამოცდის ჩაბარების პერიოდში აბიტურიენტს შესაძლებლობა ექნება, მოიხსნას პირბადე – გახარია

პუბლიკა

მთავრობის სხდომის დაწყებამდე პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ გამოცდის ჩაბარების პერიოდში აბიტურიენტებს შესაძლებლობა ექნება, მოიხსნას პირბადე, ვინაიდან საგამოცდო ოთახში დაცული იქნება დისტანცია.

„აბიტურიენტს, რომელიც აუცილებლად უნდა მივიდეს პირბადით თავის საგამოცდო ადგილზე, დაჯდეს მერხთან, რომელიც იქნება უზრუნველყოფილი დეზობარიერით, გამოცდის ჩაბარების პერიოდში ექნება შესაძლებლობა, რომ პირბადე მოიხსნას, რადგან იქ დისტანცია იქნება დაცული”, – განაცხადა გახარიამ.

მისივე თქმით, რა თქმა უნდა, ფანჯრები ყველგან უნდა იყოს ღია, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ საგამოცდო ოთახში ტემპერატურა აიწევს 30 გრადუსამდე, ნებადართული იქნება კონდიციონერის ჩართვა.

„ეს რეკომენდაციები მიღებული გვაქვს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციიდანაც და ჩვენ შეძლებისდაგვარად სრულ კომფორტულ გარემოს შევუქმნით ჩვენს აბიტურიენტებს იმისათვის, რომ მაქსიმალურად გამოავლინონ თავიანთი ცოდნა და წარმატებით ჩააბარონ ეს გამოცდები, რომ შემდგომ გააგრძელონ განათლების მიღება უმაღლეს სასწავლებლებში”, – განაცხადა გახარიამ.