4 სიცხიანი აბიტურიენტისთვის გამოვიყენეთ სარეზერვო სივრცე – გორგოძე

პუბლიკა

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, სოფო გორგოძის განცხადებით, მთელი საქართველოს მასშტაბით, ოთხი აბიტურიენტისთვის გამოიყენეს სარეზერვო სივრცე, სადაც სიცხიანი აბიტურიენტები განთავსდნენ.

„ვახორციელებდით თერმოსკრინინგს და გვქონდა სარეზერვო სივრცეები იმ აბიტურიენტებისთვის, ვინც მიუხედავად ტემპერატურისა, მაინც დაიშვებოდნენ სივრცეში. ჯამში, მთელი საქართველოს მასშტაბით, ოთხი აბიტურიენტისთვის გამოვიყენეთ სარეზერვო სივრცე, სადაც სიცხიანი აბიტურიენტები განთავსდნენ“, – აღნიშნა გორგოძემ.

მისი თქმით, მაღალი ტემპერატურის გამო საგამოცდო ცენტრებში 2 აბიტურიენტი არ დაუშვეს:

„რაც შეეხება გამოცდაზე არდაშვების შემთხვევებს, ასეთი შემთხვევა გვქონდა ორი. იქიდან გამომდინარე, რომ მათი ტემპერატურისა და ექიმების გადაწყვეტილებით, შესაბამისი რეკომენდაციების საფუძველზე, ეს აბიტურიენტები არ დაიშვნენ გამოცდაზე და მიეცათ „პისიარ“ ტესტის გაკეთების რეკომენდაცია“.

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის თქმით, დაგვიანების ორი შემთხვევა აღინიშნა, რის გამოც აბიტურიენტები გამოცდებს გამოეთიშნენ.

„ჩვენდა გასაკვირად, ცნობები იყო მხოლოდ ქრონიკული სიცხის თაობაზე. დღეის მდგომარეობით, არც ერთი ცნობა „პისიარ“ ტესტის თაობაზე არ იყო შემოსული“, – განაცხადა გორგოძემ.


2020 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდები აბიტურიენტებისთვის 6 ივლისს დაიწყო და 25 ივლისს დასრულდება, საგრანტო კონკურსი 25 ივლისს გაიმართება, ხოლო სამაგისტრო გამოცდები – 1 აგვისტოდან 4 აგვისტოს ჩათვლით.