არასამთავრობო ორგანიზაციები საერთო განცხადებას ავრცელებენ და ხელისუფლებას მოუწოდებენ, შექმნას დამოუკიდებელი ანტიკორფუციული სააგენტო.
განცხადების მიზეზი გახდა 5 ივნისს გამოქვეყნებული შეერთებული შტატების ასიგნებათა კომიტეტის კანონპროექტი, რომლის ინიცირება სახელმწიფო და საგარეო ოპერაციების და მათთან დაკავშირებული პროგრამების ქვეკომიტეტმა განახორციელა. კანონპროექტში განსაზღვრულია სახელმწიფო დეპარტამენტის პრიორიტეტები 2021 ფისკალური წლისთვის. დოკუმენტში საუბარია საქართველოსთვის განკუთვნილ ფინანსურ დახმარებაზეც $132,025,000-ის ოდენობით. თუმცა, აქვე მითითებულია დაფინანსების შეჩერების საკითხი, რომლის მიხედვით, გამოყოფილი დახმარების 15%-ის შეჩერება შესაძლებელია იქამდე, სანამ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი არ დაადგენს და მოახსენებს კონგრესს, რომ საქართველოს მთავრობა ეფექტიან ნაბიჯებს დგამს შემდეგი სამი მიმართულებით:
ა) დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერება;
ბ) ხელისუფლებაში არსებულ კორუფციასთან ბრძოლა;
გ) კერძო სექტორში კანონის უზენაესობის საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისად უზრუნველყოფა.
„გვსურს, გამოვეხმაუროთ აღნიშნულ ფაქტს და კიდევ ერთხელ მოვუწოდოთ საქართველოს ხელისუფლებას, გადადგას ეფექტიანი ნაბიჯები კორუფციასთან, განსაკუთრებით, მაღალი დონის კორუფციასთან ბრძოლის მიზნით. როგორც არაერთხელ აღგვინიშნავს, საქართველოში ბოლო წლების განმავლობაში კორუფციასთან ბრძოლის მიზნით მნიშვნელოვანი რეფორმები არ განხორციელებულა და ამ მიმართულებით პროგრესი აღარ ფიქსირდება“, – წერენ NGO-ები.
ორგანიზაციები TRACE INTERNATIONAL-ის ბიზნესის კორუფციის ინდექსს ეყრდნობიან და ამბობენ, რომ 2019 წელს საქართველოში ბიზნესის კორუფციის რისკმა 3 ქულით მოიმატა და შეფასებული ოთხი მიმართულებიდან ყველაზე მაღალი საფრთხის შემცველად კორუფციული რისკების აღკვეთის მიმართულება განისაზღვრა.
მათ ასევე მაგალითად მოჰყავთ Heritage Foundation-ის ეკონომიკური თავისუფლების ინდექსის 2019 წლის ანალიზი, რომლის მიხედვით, საქართველოში ოფიციალურ პირებთან დაკავშირებული მაღალი დონის კორუფცია კვლავ პრობლემად რჩება. ორგანიზაციები წერენ, რომ მაღალი დონის კორუფციაზე მიუთითებდა ევროკავშირის პარლამენტის 2018 წლის რეზოლუციაც.
„Transparency International (TI)-ის კორუფციის აღქმის ინდექსის მიხედვით 2019 წელს საქართველო 180 ქვეყანას შორის 44-ე ადგილზე იყო 56 ქულით, რაც გაუარესებული მაჩვენებელია წინა წელთან შედარებით, როცა საქართველო 180 ქვეყანას შორის 58 ქულით 41-ე ადგილს იკავებდა. კორუფციის აღქმის ინდექსის თანახმად, რეგიონის ქვეყნებში პრობლემას წარმოადგენს ძალაუფლების არასათანადო გამიჯვნა, სახელმწიფო რესურსების არამიზნობრივი ხარჯვა საარჩევნო მიზნებისთვის, სახელმწიფო ხელისუფლების კერძო პირის ხელში თავმოყრა“, – აცხადებენ NGO-ები.
„მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში კომპლექსური და მაღალი დონის კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის საჭიროება დადასტურებულია როგორც ადგილობრივი სამოქალაქო საზოგადოების მიერ, ასევე საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან, საქართველოს ხელისუფლება ჯერ კიდევ არ აღიარებს აღნიშნულ გამოწვევას და არც ღია მმართველობა საქართველოს და არც ეროვნულ ანტიკორუფციულ სამოქმედო გეგმებში არ გვხვდება კონკრეტული ვალდებულება მაღალი დონის კორუფციის პრევენციასთან დაკავშირებით.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მყარად ვრჩებით ჩვენს პოზიციაზე და მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, გაითვალისწინოს სტრატეგიული პარტნიორების და სამოქალაქო ორგანიზაციების რეკომენდაციები, განახორციელოს სიღრმისეული ანალიზი ქვეყანაში მაღალი დონის კორუფციასთან დაკავშირებით და აიღოს ისეთი მნიშვნელოვანი ვალდებულება, როგორიცაა დამოუკიდებელი ანტიკორუფციული სააგენტოს შექმნა, რომლის მთავარი ფუნქცია სწორედ მაღალი დონის კორუფციის პრევენცია და გამოძიება იქნება“, – ვკითხულობთ განცხადებაში.
განცხადების ავტორები არიან:
საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო (TIG)
ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI)
სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი (CSI)
მწვანე ალტერნატივა
განცხადების ტექსტს სრულად გაეცანით ბმულზე.