წმინდა სინოდმა პატრიარქობის 3 კანდიდატი გამოარჩია

პუბლიკა

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდმა პატრიარქობის 3 კანდიდატი გამოარჩია.

გადაწყვეტილებამდე სინოდის წევრები რამდენიმე საათის განმავლობაში მსჯელობდნენ.

სხდომის დასრულების შემდეგ საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, ანდრია ჯაღმაიძემ დაასახელა გამორჩეული კანდიდატები:

  • სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი, საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე შიო (მუჯირი) – 20 ხმა;
  • მროველ-ურბნელი მიტროპოლიტი იობი (აქიაშვილი) – 7 ხმა;
  • ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი გრიგოლი (ბერბიჭაშვილი) – 7 ხმა.

ანდრია ჯაღმაიძის თქმით, სხვა კანდიდატები იყვნენ წალკელი მიტროპოლიტი გრიგოლ კაცია, ბელგიისა და ჰოლანდიის მიტროპოლიტი დოსითეოსი და მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსი მელქისედეკი.

კომენტარი გააკეთა  ახალქალაქისა და კუმურდოს და კარის მიტროპოლიტმა ნიკოლოზმა.

მისი თქმით, რაც შეეხება ჭიათურისა და საჩხერის მიტროპოლიტი დანიელ დათუაშვილს და ნიქოზისა და ცხინვალის ეპარქიის მიტროპოლიტ ისაია ჭანტურიას, ისინი კანდიდატთა შორის არ იყვნენ. ნიკოლოზ ფაჩუაშვილის თქმით, კენჭისყრით გადაწყდა, რომ ასაკობრივი შეზღუდვის და დიპლომის საკითხი არ განეხილათ.

„ორივე: ასაკი და დიპლომი იძლეოდა ინტერპრეტაციის საშუალებას და ამაზე იყო საუბარი და აზრთა სხვადასხვაობა. ბოლოს იყო კენჭისყრა, რომ შეწყდეს ამაზე საუბარი. ისინი კანდიდატების სიაში ვერ მოხვდნენ“, – თქვა ნიკოლოზ ფაჩუაშვილმა.

სინოდში ამჟამად 39 მღვდელმთავარია, თუმცა დღეს ხმა 38-მა მისცა, რადგან სხდომას წილკნისა და დუშეთის მიტროპოლიტი ზოსიმე (შიოშვილი) არ ესწრებოდა.

სამი კანდიდატის გამორჩევის შემდეგ  საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის 142-ე პატრიარქს გაფართოებულ კრებაზე აირჩევენ. კენჭისყრაში მონაწილეობის უფლება მხოლოდ მღვდელმთავრებს ექნებათ, თუმცა კრებას 1500-დან 2000-მდე დელეგატი დაესწრება. ეკლესიის მართვა-გამგეობის დებულების მიხედვით, გაფართოებული კრება 17 მაისამდე უნდა მოიწვიონ.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე 2026 წლის 17 მარტს 93 წლის ასაკში გარდაიცვალა.