83 მომხრე – 12 წინააღმდეგი – სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობის შემოღებას პარლამენტმა პირველი მოსმენით დაუჭირა მხარი.
სამთავრობო ცვლილებების წარდგენისას ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ ამ თანამდებობას სუსის ყოფილი უფროსი მამუკა მდინარაძე დაიკავებს.
ე.წ. უპორტფელო მინისტრი, რომელსაც საკუთარი აპარატი არ ეყოლება – ასე დაახასიათა ახალი თანამდებობა მთავრობის საპარლამენტო მდივანმა კომიტეტზე წარდგენისას.
კანონპროექტში წერია, რო მთავრობა განსაზღვრავს სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის უფლებამოსილებას და მის ფარგლებს.
დოკუმენტში ასევე წერია, რომ სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის საქმიანობის მატერიალურ-ტექნიკურ და ორგანიზაციულ უზრუნველყოფას ახორციელებს საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია.
„ცვლილება უზრუნველყოფს სამართალდამცავ ორგანოებს შორის თანამშრომლობის გაძლიერებას. ერთობლივი ოპერაციების დაგეგმვის ხელშეწყობას, ინფორმაციის გაცვლის სტანდარტების დანერგვას. მეორე მხრივ, მათი საქმიანობის ეფექტიანობის შეფასებას, პრობლემური მიმართულებების იდენტიფიცირებას.
ასევე, მთავრობის კონსტიტუციური უფლებამოსილების ფარგლებში, სახელმწიფო მინისტრი განახორციელებს კოორდინაციას საქართველოს პროკურატურასთან, სახელმწიფო აუდიტის სამსახურსა და სასამართლო ხელისუფლებასთან“, – აღნიშნულია კანონპროექტში.
კანონპროექტით, მხოლოდ სახელმწიფო მინისტრის ხელფასია გათვალისწინებული.
„კანონპროექტის მიღება არ იქონიებს გავლენას სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე იმ თვალსაზრისით, რომ საქართველოს სახელმწიფო მინისტრს სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში აპარატულ მხარდაჭერას გაუწევს საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია“, – წერია განმარტებით ბარათში.
სამთავრობო ცვლილებების წარდგენისას ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ მამუკა მდინარაძის კაბინეტი მთავრობის ადმინისტრაციაში იქნება.