სინოდის სხდომა დაიწყო — მღვდელმთავრები დღეს პატრიარქობის სამ კანდიდატს გამოარჩევენ.
სამი კანდიდატის გამორჩევის შემდეგ გაფართოებული კრება საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქს აირჩევს. გაფართოებული კრება 17 მაისამდე უნდა მოიწვიონ.
სინოდის სხდომის დაწყებამდე ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა რამდენიმე ეპისკოპოსმა, ასევე, საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, ანდრია ჯაღმაიძემ.
ჩრდილოეთ ამერიკის ეპისკოპოსმა საბა ინწკირველმა თქვა:
„დღევანდელი დღე არის ისტორიული. დიდი მოლოდინია, დიდი ინტერესია. ეს გასაკვირიც არ არის, როგორც იცით, ეს არის ფარული ხმის მიცემის პროცედურა, ამიტომ ჩვენ ვერ ვასახელებთ იმ კანდიდატურას, ვისაც ხმას ვაძლევთ. ალბათ, თითოეული ჩვენგანი ჩამოყალიბებულია ვის უნდა მისცეს ხმა. ღვთის წყალობით, დღეს დასახელდება სამი კანდიდატი და შემდეგ გაფართოებულ კრებაზე იქნება არჩეული პატრიარქი. გაფართოებული კრების თარიღი არ ვიცით, სავარაუდოდ, თარიღიც დღეს გადაწყდება. შესაძლებელია, ინტრონიზაციის (ახლადარჩეული პატრიარქის კურთხევის ცერემონია) საკითხიც დღეს გადაწყდეს“.
დმანისისა და აგარაკ-ტაშირის ეპისკოპოსის, მეუფე ზენონის განცხადებით, მას ჰყავს პატრიარქობის საკუთარი კანდიდატი, თუმცა, ყველაფერი დამოკიდებულია სინოდის სხდომის მიმდინარეობაზე.
„რაც შეეხება ასაკობრივ ზღვარს, ჩემი პოზიცია ის იყო, რომ ეს ზღვარი შეიძლება კენჭისყრით მოიხსნას, იმიტომ, რომ ამის ხელშემშლელი კანონიკური საფუძველი არ არსებობს“, – თქვა მიტროპოლიტმა ზენონ იარაჯულმა.
საეკლესიო სამართლის თანახმად, პატრიარქობის კანდიდატი უნდა იყოს 40 წლის ასაკზე უფროსი, არაუმეტეს 70 წლისა. ეს საკითხი დღის წესრიგში დგას იმიტომ, რომ ჭიათურისა და საჩხერის მიტროპოლიტი დანიელ დათუაშვილი პატრიარქობის რეალურ კანდიდატად მიიჩნეოდა, თუმცა, ის უკვე არის 70 წლის, 29 მაისს კი 71 წლის ხდება.
ანდრია ჯაღმაიძემ თქვა:
„მე ვარ მათემატიკოსი, სიტყვა არაუმეტეს 70 წლისა, ნიშნავს, რომ 70-ს ნებისმიერი დროის დამატებით უკვე აღარ არის არაუმეტეს 70-ისა. ანუ 70-ს პლუს რაღაც დღეები და თვეები, უკვე უმეტეს 70-ისაა, როგორც მათემატიკოსისთვის, ჩემთვის, ეს არის სრულიად წყალი, თუმცა, ვნახოთ, სინოდი ამაზე რა გადაწყვეტილებას მიიღებს. მეორე არის, რომ მართვა-გამგეობის დებულების შეცვლის უფლება არ აქვს ამ სინოდს და უნდა იხელმძღვანელოს მკაცრად მართვა-გამგეობის დებულებით. განათლების თემას რაც შეეხება, როგორ წარმოგიდგენიათ, როდესაც ადამიანს დიპლომი არ აქვს და სამსახურში ვაკანსიაზე შეაქვს განცხადება, რას იტყვის, რომ დიპლომი არ მაქვს, მაგრამ განათლებული ადამიანი ვარო?! ეს არც ერთ სამსახურში არ გაჭრის“.
ზოგიერთი მღვდელმთავარი ამბობს, რომ ასაკის შესახებ ჩანაწერის შეცვლა ხმის მიცემით არის შესაძლებელი და ყველაფერი სინოდის წევრების ნებაზეა დამოკიდებული.
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდში 39 მღვდელმთავარია.
დებულების მიხედვით, საპატრიარქო ტახტის დაქვრივებიდან 40 დღის შემდეგ, მაგრამ არა უგვიანეს ორი თვისა, საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე იწვევს საქართველოს ეკლესიის გაფართოებულ კრებას, რომელზედაც მოხდება სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის არჩევა.
ანამოსაყდეა სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო მუჯირი, რომელიც ილია II-მ თანამოსაყდრედ 2017 წლის 23 ნოემბერს დაასახელა.
საქართველოს ეკლესიის გაფართოებული კრების წინ მოსაყდრე იწვევს წმინდა სინოდს, საპატრიარქო კანდიდატების შესარჩევად. სინოდი ირჩევს გაფართოებულ კრებაზე წარსადგენ 3 კანდიდატს.
სინოდის ყველა წევრს აქვს უფლება წარმოადგინოს ერთი საპატრიარქო კანდიდატი, მათ შორის თავისი თავიც.
სამი საპატრიარქო კანდიდატი, რომელიც მიიღებს ხმათა უმრავლესობას, კენჭს იყრის გაფართოებულ კრებაზე, როგორც პატრიარქობის კანდიდატი.
კათოლიკოს-პატრიარქის არჩევის კენჭისყრაში მონაწილეობას იღებენ მხოლოდ მღვდელმთავრები.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად არჩეულად ჩაითვლება ის კანდიდატი, რომელიც მიიღებს კრების მონაწილე მღვდელმთავართა ხმების ნახევარზე მეტს.
თუ ვერცერთი კანდიდატი ვერ მიიღებს ხმათა ნახევარზე მეტს, ტარდება ხელმეორე კენჭისყრა, როშელშიც მონაწილეობას მიიღებს ის ორი კანდიდატი, რომელიც პირველ კენჭისყრაში მიიღებს ხმათა უმრავლესობას.
ილია II, რომელიც საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას 49 წლის განმავლობაში მართავდა, 2026 წლის 17 მარტს გარდაიცვალა.