ხუნდაძის თქმით, შრომის რეფორმას კომიტეტი მხარს არ დაუჭერს, თუ კონკრეტული ჩანაწერი არ შეიცვლება

პუბლიკა

ჯანდაცვის კომიტეტი შრომის რეფორმის შესახებ საკანონმდებლო ინიციატივას მხარს არ დაუჭერს, თუ კანონპროექტში ორ ადგილზე დასაქმების აკრძალვასთან დაკავშირებით ჩანაწერი დარჩება, – კომიტეტის თავმჯდომარის, დიმიტრი ხუნდაძის კომენტარს საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს.

როგორც „პირველ არხს“ ხუნდაძემ განუცხადა, კანონპროექტში ძალიან ბევრი სიკეთეა, რასაც ბევრ ნაწილში უმრავლესობა ეთანხმება, მაგრამ კატეგორიული წინააღმდეგობა აქვს მე-16 მუხლის მეხუთე პუნქტთან მიმართებაში, რომლის მიხედვით, რისკის შემცველი პროფესიების შემთხვევაში, ორ ადგილზე მუშაობა აიკრძალება.

„შესაძლოა, აღნიშნული ჩანაწერი სხვა დროს კარგად იყოს აღქმული, მაგრამ დღეს არსებულ რეალობაში, როცა სახეზეა სოციალურ-ეკონომიკური სიდუხჭირე, მოქალაქეებს აუკრძალო ორ სამსახურში მუშაობა, ეს მათ სოციალურ მდგომარეობას გააუარესებს. კარგ ჩანაწერს კარგი დროის შერჩევა სჭირდება. ვფიქრობ, ამ ეტაპზე ეს შეზღუდვა არის მიუღებელი და ჯანდაცვის კომიტეტი მხარს არ დაუჭერს”, – განაცხადა ხუნდაძემ.

დღეს, 13 ივლისს ჯანდაცვის კომიტეტი შრომის რეფორმის შესახებ საკანონმდებლო ინიციატივის განხილვის გაგრძელებას გეგმავს. საკითხის განხილვა დღეს ჩანიშნულ კომიტეტის სხდომის დღის წესრიგშია შესული.

კანონპროექტის ინიცირებულ ვერსიაში აღნიშნულია, რომ ერთზე მეტი შეთავსებით მუშაობისთვის რისკის შემცველი პროფესიების შემთხვევაში აკრძალულია ერთზე მეტ სრულ ან/და არასრულ სამუშაო განაკვეთზე პირის დასაქმება თუ დასაქმებულის მიერ მეორე ან/და შემდეგი სრული ან/და არასრული სამუშაო განაკვეთის შესრულებით (შეთავსებით) ჯამურად ირღვევა V თავით დადგენილი სამუშაო დროის სტანდარტი [აღნიშნული გულისხმობს სამუშაო დროის ხანგრძლივობასთან დაკავშირებულ მოთხოვნებს].

პროექტში აღნიშნულია, რომ საქართველოს მთავრობა სოციალურ პარტნიორებთან კონსულტაციის შემდეგ განსაზღვრავს ერთზე მეტი შეთავსებით მუშაობისთვის რისკის შემცველი პროფესიების ჩამონათვალს.