რუსეთი საქართველოს მოქალაქეებს პროვოკაციებში, თბილისს კი პოლიტიკური შოუს დადგმის მცდელობაში ადანაშაულებს.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მტკიცებით, ბოლო დროს გახშირდა საქართველოს მოქალაქეების მიერ „საზღვრის უკანონო კვეთა”. მათ შორის, რუსეთს მაგალითად მოჰყავს 11 ივლისს მომხდარი შემთხვევა, როცა საქართველოს მოქალაქე ზაზა გახელაძე რუსმა სამხედროებმა ფეხში დაჭრეს და საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე დააკავეს. თუმცა, მოსკოვი ამტკიცებს, რომ საქართველოს მოქალაქეები ყოველ ჯერზე „საზღვარს არღვევდნენ“.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ საქართველოს მოქალაქეთა ბოლოდროინდელი მოქმედებები პროვოკაციულია. ამის მიუხედავად მოსკოვი თბილისთან ამ საკითხების პოლიტიკურად, მოქნილად გადაწყვეტას ცდილობს.
„თბილისი, სამწუხაროდ, ამის ნაცვლად ცდილობს ამ სიტუაციებისგან პოლიტიკური შოუ დადგას და პასუხისმგებლობა სხვებს გადააბრალოს“, – წერს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო.
მოსკოვი საქართველოს მოქალაქეების დაკავებას საქართველოს მიერ 2008 წელს სარკოზი-მედვედევის შეთანხმების და გაეროს გენერალური მდივნის მოწოდების დარღვევად აფასებს, რომელმაც მოუწოდა ქვეყნებს, პანდემიის დროს მშვიდობა შეინარჩუნონ.
„ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, შეწყვიტონ პროვოკაციული მოქმედებები და განცხადებები, გამოიყენონ დიალოგის ყველა შესაძლო ფორმატი, მათ შორის ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმი, ჟენევის დისკუსიები და კარასინ-აბაშიძის არაფორმალური მოლაპარაკებები, რომ გადაწყვიტონ არსებული პრობლემები კონსტრუქციულად. ჩვენ მოველით, რომ საქართველოს ხელისუფლება უფრო ენერგიულად იმუშავებს თავის ხალხთან, რათა მათ შეწყვიტონ საზღვრის უკანონო კვეთა“, – ნათქვამია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
ამის გარდა, მოსკოვი პროვოკაციული კომენტარების გაკეთებაში ადანაშაულებს საქართველოში აშშ-ის საელჩოსაც. „ამერიკელებისთვის უკვე ტრადიციული მანერაა, რომ სიტუაციაში გარკვევის გარეშე გადაეფარონ საქართველოს და მთლიანად მოსკოვი და ცხინვალი დაადანაშაულონ. ეს ყველაფერი როგორც მინიმუმ ეჭვქვეშ აყენებს ჟენევის დისკუსიებში ვაშინგტონის, როგორც მიუკერძოებელ მონაწილედ ყოფნას“, – წერს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო.