აჭარის მაუწყებლის თანამშრომლებმა ხელმოწერების შეგროვება დაიწყეს

პუბლიკა

საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიიდან გუშინ   გათავისუფლებული თანამშრომლების სამსახურში დაბრუნების მოთხოვნით ხელმოწერების შეგროვება დაიწყო. აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაცემა „ჰეშტეგის“ თანამშრომელი ვანცენტ ხაბეიშვილი „პუბლიკასთან“ ამბობს, რომ ამ დროისთვის თანამშრომლების სამსახურში აღდგენის მოთხოვნას 124-მდე თანამშრომელმა მოაწერა ხელი. აჭარის მაუწყებელში 360-მდე ადამიანი მუშაობს.

პარალელურად დღეს, 19:00 საათზე, მაუწყებელთან მათი მხარდამჭერი აქცია იგეგმება, ორგანიზატორები პერმანენტულ აქციებს აანონსებენ და მენეჯმენტთან შეხვედრას მოითხოვენ.

გუშინ აჭარის მაუწყებლიდან არხის დირექტორმა ტელევიზიის  3 თანამშრომელი – აჩო გურაბანიძე, გიორგი მურვანიძე და გუგა ქადიძე გაათავისუფლა.

არხის თანამშრომლები სამსახურიდან 3 პირის დათხოვნის ფაქტს „რეპრესიების გაგრძელებად“ აფასებენ, აქციებს მართავენ და დირექტორისგან გათავისუფლებულების სამსახურში აღდგენას მოითხოვენ. ბაჩო გურაბანიძე და გიორგი მურვანიძე „ალტერნატიული პროფკავშირების“ აქტიური წევრები და 26 ივნისს გამართული აქციის ორგანიზატორები იყვნენ. ისინი გათავისუფლებას თავიანთ აქტივობებს უკავშირებენ.

აჭარის მაუწყებლის ოფიციალური განმარტებით კი, 3 თანამშრომლის გათავისუფლების მიზეზი მიმდინარე წლის 1 ივლისს აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ადმინისტრაციის შენობაში მომხდარი ფაქტი გახდა. ტელევიზიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, სამუშაო საათებში მოხდა თანამშრომლებს შორის ფიზიკურ დაპირისპირება, რომლის დროსაც მაუწყებლის თანამშრომლებმა ერთმანეთს ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს.