ყველა მოქალაქე, რომელიც მესტიის მუნიციპალიტეტს დატოვებს, სავალდებულო კარანტინს გაივლის

პუბლიკა

მესტიაში არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარებიდან გამომდინარე უწყებათაშორისმა საბჭომ მესტიის მუნიციპალიტეტში დამატებითი შეზღუდვების გადაწყვეტილება მიიღო.

მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე ითქვა, რომ COVID 19-ის გავრცელების თავიდან აცილების მიზნით, შესაბამისი უწყებები ყველა დასახლებიდან ტურისტების საკარანტინო ზონებში განთავსებას უზრუნველყოფენ. ყველა მოქალაქე, რომელიც მესტიის მუნიციპალიტეტს დატოვებს, სავალდებულო კარანტინს გაივლის.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, მარიამ ქვრივიშვილის განცხადებით, ტურიზმის ადმინისტრაცია მუშაობს სასტუმროებთან და უმოკლეს ვადაში შესთავაზებენ მოქალაქეებს, ყველა შესაძლოა გზას, სადაც შეეძლებათ საკარანტინო მომსახურება მიიღონ.

„ჩვენ ვიმყოფებით პირდაპირ კავშირზე სასტუმროებთან, განთავესბის ობიექტებთან, რომლებიც მდებარეობს სვანეთში. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ მაქსიმალური ყურადღება გამოვიჩინოთ იმ ადამიანების მიმართ, რომლებიც სვანეთში შიდა ტურისტული მიზნებისთვის იმყოფებიან.

მოგეხსენებათ, რომ ადამიანებს სავალდებულო კარანტინის გავლა მოუწევთ. საწყის ეტაპე ყველას მოვუწოდებთ, რომ დარჩნენ იმ ადილებსა და იმ სასტუმროებში, სადაც ისინი განთავსებულნი არიან. ყველაფერს ვაკეთებთ იმისათვის, რომ პირდაპირ კავშირზე ვიყოთ ყველა სასტუმროსთან. დამსვენებლებსაც მოვუწოდებთ, მაქსიმალური კონტაქტი იქონიონ იმ სასტიუმროების მმართველ გუნდთან, რომლებთანაც ისინი სტუმრად არიან. მოხდება ეტაპობრივად ყველასთან კომუნიკაცია, იმისთვის, რომ თითოეულ ადამიანს ჰქონდეს შესაძლებლობა ადგილზევე გაიაროს კარანტინი ან მოხდეს მათი ორგანიზებულად გადაყვანა შესაბამის რეგიონში, სადაც უკვე გვაქვს საკარანტინო სივრცეები“,- განაცხადა ქვრივიშვილმა.

მესტიის მუნიციპალიტეტში აღებული 37 ბიოლოგიური ნიმუშიდან 17 შემთხვევაში ახალი კორონავირუსი დადასტურდა.