თუ ქვეყანაში რამდენიმე ასეთი წერტილი გაჩნდება, დაავადების შეკავება შეუძლებელი გახდება - იმნაძე

პუბლიკა

მთავრობის ადმინისტრაციაში საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის წარმომადგენელმა, პაატა იმნაძემ სვანეთში არსებულ ეპიდვითარებაზე ისაუბრა.

„დღეისთვის სოფელ ლენჯერის წყაროსთან დადასტურებული კონტაქტის 30 შემთხვევაა გამოვლენილი, აქედან ხუთი შემთხვევა დადასტურდა თბილისში. დანარჩენი შემთხვევები დადასტურებულია სვანეთში. გუშინ 400-ზე მეტი ტესტი ავიღეთ და 12 ახალი დადასტურებული შემთხვევაა. 600-მდე ტესტი უკვე ქუთაისშია გაგზავნილი და დაწყებულია ანალიზები, ასევე, 400-ზე მეტი ტესტი გაგზავნილია ზუგდიდში. ჯამში, გუშინ 1000-ზე მეტი ადამიანის გამოკვლევა მოხდა. დღეს კიდევ გაფართოვდება კვლევის არეალი. ამასთან, კიდევ ერთი ჩვენი ჯგუფი წასულია ყაზბეგის რაიონში. საბედნიეროდ, იქ ბევრი კონტაქტი არ არის, მაგრამ მაინც მიმდინარეობს კვლევა“, – განაცხადა იმნაძემ.

სვანეთში 30 ინფიცირების შემთხვევა ერთ კერასთან არის დაკავშირებული, რაც იმნაძის შეფასებით ბევრია.

„30 შემთხვევა დაკავშირებულია ერთ კერასთან და ეს ძალიან ბევრია. ამიტომ ის ღონისძიებები, რომლებიც გატარდა მესტიის მუნიციპალიტეტში მნიშვნელოვანი იყო, რომ მომხდარიყო შეკავება. მაგრამ ყველამ იცოდეს, რომ თუ ქვეყანაში ასეთი რამდენიმე წერტილში გაჩნდება, დაავადების შეკავება შეუძლებელი გახდება. არცერთი რესურსი იმას არ ეყოფა, რომ ცალ-ცალკე მუნიციპალიტეტებში მიმდინარეობდეს ასეთი კვლევები. საბედნიეროდ, ყაზბეგში არ ჩანს რომ ასეთივე მდგომარეობა შეიქმნება. იქ სიტუაცია გაცილებით კონტროლირებადია, რასაც ჯერ ვერ ვიტყვი მესტიაზე, რადგან სინჯები, რომლებიც გუშინ არის აღებული, გვაჩვენებს, რა ვითარებაა მესტიის მუნიციპალიტეტში“, – განაცხადა პაატა იმნაძემ.