დაველოდებით კვლევების მონაცემებს - ტიკარაძე „რუსულ ვაქცინაზე“

პუბლიკა

მთავრობის ადმინისტრაციაში საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ჯანდაცვის მინისტრმა „რუსულ ვაქცინაზე“ დასმულ კითხვას უპასუხა.

„დამოკიდებულება ვაქცინის მიმართ, ჩემიც ანალოგიური, როგორიც ბატონი პაატასი, მნიშვნელოვანია, რომ ნებისმიერი პრეპარატი იქნება ეს მედიკამენტი თუ ვაქცინა, იყოს გამყარებული საჭირო კვლევებით. ჩვენ ჯერ დაველოდებით ამ კვლევების მონაცემებს და შემდეგ უკვე ჩვენს პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად მივიღებთ დამატებით გადაწყვეტილებას“, – განაცხადა ეკა ტიკარაძემ.

გუშინ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ რუსეთმა „გამალეიას ინსტიტუტის“ მიერ შემქნილი „კოვიდ-19“-ის ვაქცინა ოფიციალურად დაამტკიცა.

ტელეკონფერენციის დროს ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ ვაქცინამ ყველა საჭირო შემოწმება გაიარა.

„პირველად მსოფლიოში, დღეს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა დავარეგისტრირეთ. ვიცი, რომ ის საკმაოდ ეფექტურად მუშაობს და აყალიბებს მყარ იმუნიტეტს“,- განაცხადა პუტინმა.

რუსეთის პრეზიდენტის თქმით, ვაქცინა მისმა ერთ-ერთმა ქალიშვილმაც გაიკეთა.

„ეს მე ძალიან კარგად ვიცი, რადგან ჩემმა ერთ-ერთმა ქალიშვილმაც გაიკეთა ეს ვაქცინა. პირველი ინფექციის შემდეგ მას 38 ჰქონდა სიცხე, მეორე დღეს 37 და სულ ეს იყო. მეორე ინექციის შემდეგაც ტემპერატურამ ოდნავ მოიმატა, შემდეგ დაიკლო, სულ ეს იყო, ახლა ის თავს კარგად გრძნობს“,- განაცხადა პუტინმა.

აშშ-ის მთავარი ინფექციონისტის, ენტონი ფაუჩის განცხადებით, სერიოზული ეჭვები აქვს იმასთან დაკავშირებით, რომ რუსეთმა თავისი ვაქცინის უსაფრთხოება და ეფექტიანობა დაამტკიცა. ამის შესახებ ფაუჩიმ „ნეიშენალ ჯეოგრაფიკის“ მიერ ორგანიზებული ონლაინდისკუსიის დროს განაცხადა.