შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, შემოდგომაზე ორგანიზებული საგნობრივი და პროფესიული კომპეტენციების დადასტურებისათვის ტესტირების შედეგების გამოცხადება დღეიდან დაიწყო.
შედეგების ნახვა შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე online.naec.ge არის შესაძლებელი.
შედეგები გამოქვეყნდა შემდეგ საგნებში: გეოგრაფია, ისტორია, ქართული ენა და ლიტერატურა (VII-XII), მათემატიკა (VII-XII), სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება, ბიოლოგია, ქიმია, ფიზიკა, ინგლისური, რუსული, გერმანული და ფრანგული.
სხვა საგნების შედეგები ეტაპობრივად, ნაშრომების გასწორების დასრულებისთანავე გამოქვეყნდება. ყველა საგნის პირველადი შედეგის გამოცხადების შემდეგ დაიწყება სააპელაციო განაცხადების მიღება. აპლიკანტს შესაძლებლობა ექნება, გაასაჩივროს როგორც ერთი, ასევე რამდენიმე დავალება ან მთლიანი შეფასება. 2019 წელს მასწავლებლებსა და მასწავლებლობის მსურველებს კომპეტენციის დადასტურების საშუალება მეორედ მიეცათ.
შემოდგომაზე ორგანიზებული ტესტირებისათვის, რომელიც 2 – 8 ნოემბერს ჩატარდა 26 600-ზე მეტი აპლიკანტია დარეგისტრირებული. მათგან 15 000-ზე მეტი პრაქტიკოსი მასწავლებელი იყო. პრაქტიკოსმა მასწავლებლებმა უნდა გაითვალისწინონ, რომ ხელახალი ტესტირებისას მიღებული შედეგები აუქმებს იმავე საგანში საგნობრივი და პროფესიული კომპეტენციის დადასტურებისას წინა ჯერზე მიღებულ შეფასებასა და შესაბამის კრედიტქულებს.