13 სექტემბერს საქართველოში კორონავირუსის 152 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 2227 შემთხვევაა დადასტურებული.
მარინა ეზუგბაიას თქმით, დღეს გამოვლენილი შემთხვევებიდან 90 აჭარაში დადასტურდა. 15 შემთხვევა ქუთაისის 32-ე საჯარო სკოლასთან არის დაკავშირებული.15 არის „ენგურჰესითან” დაკავშირებული, 17 დაავადებულთან კონტაქტია, ოთხი შემოტანილი შემთხვევა და 11 შემთხვევაზე გრძელდება კვლევა წყაროს დადგენის მიზნით.
დღეს დღის მეორე ნახევარში ქვეყანაში ახალი შემთხვევების შესახებ გახდა ცნობილი. სავარაუდოდ, ეს მონაცემები ხვალინდელ სტატისტიკაში აისახება.
ფოთში კორონავირუსი 24 წლის ბიჭს დაუდგინდა. საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის განცხადებით, მას თბილისში ვირუსით ინფიცირებულ პირთან ჰქონდა კონტაქტი. მიმდინარეობს მასთან კონტაქტში მყოფი პირების გამოკვლევა.
8 ახალი შემთხვევა დადასტურდა გორში. პასუხები ლუგარის ლაბორატორიიდან დაავადებათა კონტროლის შიდა ქართლის ცენტრმა დღის მეორე ნახევარში მიიღო.
გავრცელებული ინფორმაციით, ინფიცირების დიდი ნაწილი გორში ე.წ. ქორწილის კლასტერს უკავშირდება.
კორონავირუსის ორი შემთხვევა დაფიქსირდა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვედა ბახვში. ინფიცირებულები პედაგოგები არიან.
„სამწუხაროდ, კიდევ ორი შემთხვევა გამოვლინდა სოფელ ქვედა ბახვში. ინფიცირებულები იმ ქორწილის კლასტერს მიეკუთვნებიან, რამდენიმე დღის წინ ბათუმში რომ გაიმართა. ახლა ვიწყებთ კონტაქტების მოძიებას. ყველა მათგანს ჩაუტარდება პისიარკვლევა“, – განაცხადა დაავადებათა კონტროლის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გურიის განყოფილების ხელმძღვანელმა, არჩილ მჟავიამ.
კორონავირუსის კიდევ ორი შემთხვევა გამოვლინდა ჩოხატაურში. ქვედა ბახვის მსგავსად, ინფიცირებულები იქაც პედაგოგები არიან.
„ ყველა მათგანს ჩაუტარდება „პისიარ“ კვლევა. ახლა პაციენტები შესაბამისი პროფილის კლინიკაში გადაჰყავთ“,- განაცხადა დაავადებათა კონტროლის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გურიის განყოფილების ხელმძღვანელმა, არჩილ მჟავიამ.