შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის 2, ხოლო საპატრულო პოლიციის აჭარის მთავარი სამმართველოს 1 თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა.
თანამშრომლების ტესტების პასუხები 12-13 სექტემბერს გახდა ცნობილი.
ყველა თანამშრომელი, ვისთანაც ინფიცირებულებს უშუალო კონტაქტი ჰქონდათ, გადაყვანილია დაკვირვების ქვეშ და აღებული აქვთ ტესტები.
სამივე პოლიციელის მკურნალობა მიმდინარეობს კლინიკაში, მათი მდგომარეობა სტაბილურია.
_____________________________
აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელის, რუსუდან შავიშვილის განცხადებით, აჭარაში გასული დღე-ღამის განმავლობაში 2500-ზე მეტი ტესტი ჩატარდა, მათგან დადასტურდა 108 ახალი შემთხვევა. რაც შეეხება ინფიცირებულთა კლასტერებს, შავიშვილის თქმით, ვირუსის ფართო გავრცელების გამო, ცალკეულ კლასტერებს აღარ გამოყოფენ.
დღეს საქართველოში კორონავირუსის 165 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 2 392 გახდა.