ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC) 26 ნოემბრის მოვლენების შეფასების დოკუმენტს აქვეყნებს. დოკუმენტში წარმოდგენილია პირველადი შეფასება, რამდენად კანონიერი და პროპორციული იყო სახელმწიფოს მხრიდან გამოყენებული საპოლიციო ძალა.
EMC-ის შეფასებით, საარჩევნო საკითხებზე მიმდინარე ფართომასშტაბიან აქციებს სახელმწიფო ყველა ჯერზე პასუხობდა მხოლოდ საპოლიციო ძალებით, რა დროსაც უგულებელყოფილი იყო პრობლემის გადაჭრის კონსტრუქციული და დიალოგზე ორიენტირებული გზები. ორგანიზაციის შეფასებით, განსაკუთრებით მწვავე და არაპროპორციული იყო პოლიციის მოქმედება 26 ნოემბერს, როდესაც სპეციალური დანიშნულების რაზმებმა, დილის 5 საათზე, პიკეტირებული პარლამენტის შენობის გათავისუფლების მიზნით, წყლის ჭავლის გამოყენებით დაშალეს პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე შეკრებილი დემონსტრანტები.
EMC-ის შეფასებით, 26 ნოემბრის დილას განვითარებული მოვლენებისას, კიდევ ერთხელ გამომჟღავნდა სამართალდამცავი სისტემის მოქმედებებისა და სტრატეგიების სისტემური ხარვეზები, რაც, საბოლოოდ, დემონსტრანტების მიმართ მშვიდობიანი შეკრების უფლებით სარგებლობის შეზღუდვისა და მათ წინააღმდეგ არაპროპორციული ძალის გამოყენების წინაპირობა გახდა. აღნიშნული კი ორგანიზაციის შეფასებით, გამოწვეულია იმით, რომ ხელისუფლება არ ან ვერ ხედავს შექმნილ პოლიტიკურ კრიზისს, არ აღიარებს არსებული პროტესტის სამართლიანობასა და სახალხოობას და თავის მოქმედებას აფუძნებს ვიწროპარტიულ ინტერესებს.
EMC მოუწოდებს მმართველ გუნდს, გამოძებნოს რესურსი პროცესების ნორმალიზებისა და დიალოგის რეჟიმში გადაყვანისთვის და უზრუნველყოს მომდევნო საპარლამენტო არჩევნების სამართლიანი წესით ჩატარება.