აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის უფროსის მოადგილემ, ნონა ეფაძემ, აჭარაში კორონავირუსის ახალ შემთხვევებზე ისაუბრა. მისი განმარტებით, გასული დღე-ღამის განმავლობაში აჭარაში ჩატარდა 4000-ზე მეტი PCR ტესტირება. აქედან, გამოვლინდა 129 ახალი შემთხვევა.
ეფაძის თქმით, კლინიკებში გადაყვანილია და მკურნალობას გადის 341 პაციენტი. მისივე თქმით, შემთხვევების უმეტესობა არის უკვე გამოვლენილი შემთხვევების კონტაქტები. ახალ დადასტურებულ შემთხვევებიდან, ნონა ეფაძის თქმით, არიან არასრულწლოვნებიც, ორსულებიც და მედპერსონალიც.
აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის უფროსის მოადგილის განმარტებით, აჭარაში საყურადღებო პაციენტთა რაოდენობა ცხრას არ სცდება.
დღეს საქართველოში კორონავირუსის 182 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. თბილისის ინფექციური საავადმყოფოს კლინიკური დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, ახალი შემთხვევები რეგიონებში შემდეგნაირად განაწილდა:
• აჭარა – 129 (ბათუმი – 114, 11 – ქობულეთი, ქედა – 3, შუახევი – 1);
• თბილისი -34;
• იმერეთი – 11;
• რუსთავი – 4;
• გურია – 3;
• კახეთი – 1.