აქტივისტები ბიძინა ივანიშვილს მიმართავენ. ისინი აცხადებენ, რომ ხვალ, დილის 10 საათზე ისინი პარლამენტის შენობის პიკეტირებას გააგრძელებენ.
„ბატონო ბიძინა,
გწერთ „ბელადის მიერ მართული ახალგაზრდები“, დიახ, ჩვენ ვერც დაჭერის შიშით შეგვაჩერებთ, ვერც ნიკა ლალიაშვილთან მონოლოგის დროს თითის ქნევით, ვერც თქვენი ტრიუკებითა და ვერც დასახიჩრების შიშით.
ჩვენთვის თქვენ ერთადერთი მიზეზით ხართ საშიში – ქვეყანას აზიანებთ და ჩვენ არ მოგცემთ საშუალებას, ეს ქნათ.
საქართველო არასდროს გახდება რუსეთი, ჩვენ სხვა ქვეყნებში სამუშაოდ კი არ წავალთ – აქ დავრჩებით, ვიქნებით ევროპის ნაწილი, განვვითარდებით პროდასავლური კურსით. უფრო მეტიც, ის ადამიანებიც დაგვიბრუნდებიან, რომლებმაც ქვეყანა წლებია დატოვეს – სხვა ქვეყანაში თავის რჩენის იმედად.
თქვენ ჩვენთვის დასრულებული ხართ, ამიტომ, კიდევ ამოიშენეთ რკინის კედლები და გამოიყენეთ ქართული პოლიცია პირად დაცვად. ჩვენთვის ეს სულერთია.
ხვალ, ჩვენ ისევ მოვალთ და ისევ არ მოგცემთ თქვენ მშვიდად ძილის და თქვენს პარლამენტარებს თავიანთ სკამებზე უსაქმურად მოკალათების საშუალებას.
ჩვენ ქვეყანა გვაქვს დასაკარგი, თქვენ კი, მხოლოდ თქვენი მილიარდები გაწუხებთ.
29 ნოემბერს, 10:00-ზე, პარლამენტთან, პიკეტი მონა მაჟორიტარებს და მათ უნიჭო დრამატურგს – ბიძინა ივანიშვილს“. – წერია აქტივისტების მიერ გავრცელებულ წერილში.
ერთად ერთი წინააღმდეგ, ქვეყნის სამსახურში!