შრომის რეფორმის საკანონმდებლო პაკეტს გუშინ პარლამენტმა მეორე მოსმენით დაუჭირა მხარი. საკანონმდებლო პაკეტი მოიცავს ცვლილებებს შრომის კოდექსში, და ასევე, იქმნება კანონი შრომის ინსპექციის შესახებ.
როგორც განხილვისას გახდა ცნობილი, მეორე მოსმენისთვის კანონპროექტიდან ზეგანაკვეთური სამუშაოს ანაზღაურებასთან დაკავშირებით ჩანაწერი ამოიღეს.
კერძოდ, პროექტში წერია, რომ ზეგანაკვეთური სამუშაო ანაზღაურდება ხელფასის საათობრივი განაკვეთის გაზრდილი ოდენობით. ამ ანაზღაურების ოდენობა განისაზღვრება მხარეთა შეთანხმებით – არანაკლებ შრომის ანაზღაურების ნორმირებული საათობრივი განაკვეთის 125 პროცენტისა. სწორედ ამ ჩანაწერს [კონკრეტულ რიცხვს] ამოიღებენ პროექტიდან და შრომის კოდექსში შენარჩუნდება დღეს მოქმედი ჩანაწერი [ზეგანაკვეთური სამუშაო ანაზღაურდება ხელფასის საათობრივი განაკვეთის გაზრდილი ოდენობით. ამ ანაზღაურების ოდენობა განისაზღვრება მხარეთა შეთანხმებით].
სხვა საკითხებთან ერთად, ზეგანაკვეთური სამუშაოს 125%-ით ანაზღაურების საკითხი იყო ერთი-ერთი, რომელსაც პროექტის განხილვის თავდაპირველი ეტაპიდან ბიზნესასოციაციის წარმომადგენლები ეწინააღმდეგებოდნენ. ამის შესახებ ვრცლად შეგიძლიათ გაეცნოთ „პუბლიკის” მასალებს არქივიდან.
ინიცირებიდან განხილვის პროცესში კანონპროექტის ინიციატორებს რამდენიმე სხვა საკითხთან დაკავშირებითაც მოუწიათ დათმობებზე წასვლა [მაგალითად, მინიმალური ხელფასის განსაზღვრის საკითხი] და მათი პროექტიდან ამოღება. ზეგანაკვეთური სამუშაოს ანაზღაურების საკითხიც კიდევ ერთი კომპრომისია, რომელზეც კანონპროექტის ავტორი დიმიტრი ცქიტიშვილი წავიდა.
როგორც ის „პუბლიკასთან” ამბობს, ამ დათმობაზე წავიდა იმის გამო, რომ მთლიანად პროექტის მხარდაჭერა არ დამდგარიყო კითხვის ნიშნის ქვეშ.
„მოგეხსენებათ, რომ მე, თავისთავად, ვერ ვფლობ საკმარის ხმებს, რომელიც საჭიროა კანონის მისაღებად. უმრავლესობასთან შეჯერებით, მათი პოზიციების გაზიარებით, მოგვიწია ამ კომპრომისზე წასვლა…”, – ამბობს ის.
მისივე თქმით, ბიზნესწარმომადგენელთა მხრიდან განსაკუთრებული წინააღმდეგობა იყო ორი საკითხის მიმართ – 1. შრომის ინსპექციის მანდატი [პროექტით, შრომის ინსპექციის ზედამხედველობის ფარგლებში ექცევა შრომითი უფლებების აღსრულება] და 2. ზეგანაკვეთურის 125%-ით ანაზღაურება.
ცქიტიშვილი ამბობს, რომ მაქსიმალურად ეცადნენ და შეძლეს, რომ შრომის ინსპექციის მანდატის საკითხი უცვლევლად დარჩენილიყო.
„თუმცა მეორე ნაწილში მოგვიწია დათმობა იმიტომ, რომ… სხვა გზა აღარ იყო, ასე რომ ვთქვათ… თუმცა ბოლო მომენტამდე ვცდილობდით, ან ვადები აგვემოქმედებინა, მაგრამ.. ნუ საბოლოო ჯამში ასე იყო, ასეთი არჩევანის წინაშე დავდექით, ან მთლიანად შეიძლება ჩავარდნილიყო, ან ასეთ კომპრომისზე უნდა წავსულიყავით”, – ამბობს ცქიტიშვილი.
მიუხედავად ამ დათმობისა, ცქიტიშვილი იმედს ამყარებს იმაზე, რომ ვინაიდან შრომის ინსპექციას შეუზღუდავი მანდატი ექნება, ექნება უფლებამოსილება, შეამოწმოს, უხდის თუ არა დამსაქმებელი დასაქმებულს ანაზღაურებას ზეგანაკვეთური სამუშაოსთვის. ხოლო თუ ასე არ მოხდება, ან ანაზღაურება იქნება ნომინალური, ინსპექციას შეეძლება სანქცირება.
ცქიტიშვილი ამბობს, რომ დასაქმებულთა ნამუშევარი დროის აღრიცხვის ვალდებულება პროექტში შენარჩუნდება, ასევე ჩანაწერი მხარეთა შეთანხმებით ანაზღაურების ოდენობაზეც.
„ეს ყველაფერი რჩება. ზეგანაკვეთურიც ანაზღაურდება მომატებული ტარიფით, უბრალოდ, არ იქნება მითითებული, რამდენით იქნება ეს მომატება… კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, რომ ინსპექტორი მოახდენს რეაგირებას, თუ ეს იქნება ძალიან ფორმალური მომატება. თუ ეს იქნება ფიქტიური და არა თვისობრივად, რეალურად გაზრდილი, მაშინ ამაზე ექნება სანქცირება”, – ამბობს ცქიტიშვილი.
ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის (EMC) იურისტის კოტე ერისთავის შეფასებით, აღნიშნული ჩანაწერის ამოღება კიდევ ერთი მაგალითია იმისა, რომ პარლამენტმა გადაწვეტილება დასაქმებულების ინტერესების საზიანოდ მიიღო.
„სამწუხაროდ, მიჩვეულები ვართ, რომ ძალიან ბევრ კომპრომისზე მიდის პარლამენტი და მთავრობა ბიზნესის ინტერესების სასარგებლოდ. ხშირ შემთხვევაში უგულებელვყობთ დასაქმებულების ინტერესს.. ეკონომიკის სამინისტროს ხშირ შემთხვევაში ეკონომიკა ესმის, როგორც მხოლოდ დამსაქმებლების გაძლიერება და არა დასაქმებულების”, – ამბობს ერისთავი.
მიუხედავად ამ პრინციპული ცვლილებისა, ერისთავი ამბობს, რომ პროექტით მნიშვნელოვანი, დადებითი ცვლილება შემოდის, რაც არის შრომის ინსპექციის მანდატის გაზრდა. მისი თქმით, ცენტრალური საკითხი ამ პაკეტის სწორედ ეს არის და ამ ჩანაწერის შენარჩუნებას პოზიტიურად აფასებს.