კორონავირუსი | 18 სექტემბრის მიმოხილვა

პუბლიკა

საქართველოში 18 სექტემბრის დილის მონაცემებით კორონავირუსის 182 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. საერთო ჯამში, ვირუსის დადასტურებულ შემთხვევათა რაოდენობამ 3 119 შეადგინა, მათ შორის გამოჯანმრთელებულია 1 435.

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს კლინიკური დირექტორის, მარინა ეზუგბაიას ცნობით, რეგიონების მიხედვით ახალი შემთხვევები ასე განაწილდა:

  • აჭარა – 129 (ბათუმი – 114, 11 – ქობულეთი, ქედა – 3, შუახევი – 1);
  • თბილისი -34;
  • იმერეთი – 11;
  • რუსთავი – 4;
  • გურია – 3;
  • კახეთი – 1.

თბილისი

ბოლო 24 საათში გამოვლენილი 182 შემთხვევიდან 34 თბილისს უკავშირდება. მათ შორის 4 საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის თანამშრომელია.ამის შესახებ ინფორმაცია უნივერსიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტმა გაავრცელა.  მათივე ცნობით, ვინაიდან უნივერსიტეტში ადმინისტრაციული სამუშაო პროცესი დისტანციურ რეჟიმში მიმდინარეობს, კოვიდინფიცირებულებს თანამშრომლებთან პირდაპირი კონტაქტი არ ჰქონიათ.

უნივერსიტეტში აცხადებემ რომ უნივერსიტეტის ადმინისტრაცია დაავადებათა კონტროლის ცენტრის რეკომენდაციების შესაბამისად მოქმედებს.

აჭარა

როგორც აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორის მოადგილე ნონა ეფაძემ ბრიფინგზე განაცხადა, გამოვლენილი შემთხვევების უმრავლესობა ბათუმს უკავშირდება. მათ შორის კი უმეტესობა უკვე გამოვლენილი შემთხვევების კონტაქტებია. ერთეული შემთხვევები დადასტურდა მუნიციპალიტეტებში.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით, შუახევში კლინიკის ერთ-ერთ თანამშრომელს ვირუსი დაუდასტურდა, ინფიცირებული კლინიკაში გადაიყვანეს. ინფორმაციას კომპანია ‘“ევექსის” საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურშიც ადასტურებენ და ამბობენ, რომ სხვა თანამშრომლებს პისიარ ტესტირება უკვე ჩაუტარდათ. კვლევის შედეგები ჯერ ცნობილი არ არის. ამ ეტაპისთვის კლინიკა ჩვეულ რეჟიმში აგრძელებს მუშაობას.

იმერეთი

ქვეყანაში გამოვლენილი კორონავირუსის 182 ახალი შემთხვევიდან 11 იმერეთში დაფიქსირდა. იმერეთის გუბერნატორის ზვიად შალამბერიძის თქმით, თითქმის ყველა შემთხვევა დაკავშირებულია 32-ე საჯარო სკოლასთან, ასევე არის აჭარაში მოგზაურობის ფაქტიც.

გორი

გამოვლენილი 182 ახალი შემთხვევიდან 3 გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დაფიქსირდა. სამივე ინფიცირებული არასრულწლოვანია. 6, 11 და 14 წლის ბავშვები, რომლებსაც კოვიდინფიცირება დაუდასტურდათ, სოფელ ტირძნისის მცხოვრებლები არიან.

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის რეგიონული მართვის დეპარტამენტის შიდა ქართლის განყოფილების უფროსის, ეკა ქორჩაშვილის განცხადებით, ლუგარის ცენტრში გაგზავნილი 9 ნიმუშიდან 3 დადასტურდა. დამატებით, ლაბორატორიაში გაიგზავნა 175 ნიმუში.

შიდა ქართლის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელმა, სიმონ გულედანმა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ტირძნისში კორონავირუსის ახალ შემთხვევებზე საუბრისას განაცხადა, რომ ამ ეტაპზე, ვითარება კონტროლს ექვემდებარება და შესაბამისად, მოქმედი რეგულაციების გარდა, დამატებითი შეზღუდვების დაწესება არ იგეგმება.

 

კახეთი

კახეთში დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივის ჯანმრთელობის ცენტრის ხელმძღვანელის ნელი ხიზანიშვილის განცხადებით, გასული 24 საათის განმავლობაში კახეთში კორონავირუსის 2 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. აქედან ერთი ლაგოდეხის „კლასტერს“ და აჭარაში მოგზაურობას უკავშირდება, ხოლო მეორე შემთხვევა მატანში დაფიქსირდა, რაც ქორწილის “კლასტერის” კონტაქტია.

რეგიონში ამ ეტაპზე ლაბორატორიულად დადასტურებული 32 შემთხვევა, აქედან 14 მატანშია, 7 ველისციხეში,9 ლაგოდეხში და 2 სიღნაღში ფიქსირდება.

რუსთავი

საქართველოში, ბოლო 24 საათში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევებიდან, ერთი რუსთავის ცენტრალური საავადმყოფოს „ცხელების ცენტრში“ დაფიქსირდა. როგორც ,,ინტერპრესნიუსთან“ საუბარში კლინიკის დირექტორმა პაპუნა ბახტაძემ განაცხადა, კოვიდინფექცია, 31 წლის ქალს დაუდასტურდა. ინფიცირებული, რუსთავის ერთ-ერთი ოფთალმოლოგიური კლინიკის თანამშრომელია. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და თბილისში კოვიდმიმღებ კლინიკაშია გადაყვანილი.

ფოთი

საქართველოში, ბოლო 24 საათში, კორონავირუსით ინფიცირების 182 შემთხვევიდან ოთხი ფოთში დაფიქსირდა.

კოვიდ 19 დაუდგინდა ინფიცირებული შუახნის ქალის მეუღლეს და ასევე ერთ-ერთი ოჯახის სამ წევრს. საზოგადოებრივი ჯანდაცვის ადგილობრივი ცენტრის ინფორმაციით, მიმდინარეობს ეპიდემიოლოგიური კვლევა.

მისივე ცნობით, თვითიოზოლაციაში იმყოფება 43 ადამიანი, აქედან 2 არის საკარანტინო სივრცეში მოთავსებული.