კორონავირუსი | 20 სექტემბრის მიმოხილვა

პუბლიკა

ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის 196 შემთხვევა გამოვლინდა და მთლიანობაში ინფიცირებულთა რაოდენობა 3502 გახდა. 13-ით გაზარდა გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა და მთლიანობაში მათი რიცხვი 1494-ია.

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს კლინიკური დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, 196 ახალი შემთხვევა რეგიონებში ასე განაწილდა:

  • 128 – აჭარა;
  • 30 – თბილისი;
  • 19 – ქუთაისი;
  • 6 – სამეგრელო-ზემო სვანეთი;
  • 5 – ქვემო ქართლი;
  • 1 – შიდა ქართლი;
  • 4 – გურია;
  • 2 – მცხეთა-მთიანეთი;
  • 1 – კახეთი.

„გამოჯანმრთელებულების პროცენტია 43. კოვიდცენტრებსა და სასტუმროებში მკურნალობს 1981 პაციენტტი, 836 მოთავსებულია კოვიდცენტრებში. მათ შორის გახლავთ 14 კრიტიკულად მძიმე და 80-მდე მძიმე პაციენტი“, – განაცხადა ეზუგბაიამ.

ყველაზე მეტი, 128 ინფიცირებული კვლავ აჭარის რეგიონშია. მარინა ეზუგბაია ამბობს, რომ რეგიონში შემთხვევათა ლოკალიზება უკვე მოხერხდა და იმედს გამოთქვამს, რომ შესაძლებელი იქნება ლიკვიდირებაც.

აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, დღევანდელი შედეგი 4 000 ტესტის ანალიზის შედეგად გამოვლინდა. მათივე ცნობით, აჭარაში ვირუსი 900-მდე პირს აქვს დადასტურებული. მათგან 519 კლინიკებში, 377 კი კოვიდსასტუმროებში მკურნალობს. ინფიცირებულთა შორის არიან მოზარდებიც და ორსულებიც.

ბათუმის სამშობიარო სახლში კორონავირუსით ინფიცირებული ორსულების რაოდენობა 20 გახდა. ექიმი ნუგზარ პაპავა ამბობს, რომ მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

მძიმეა ბათუმის რესპუბლიკურში მოთავსებული 72 წლის კაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა. ექიმი გიორგი კიკაბიძე აღნიშნავს, რომ მამაკაცს აქვს ინსულტი და კრიტიკულ მდგომარეობაში მყოფი, მართვით სუნთქვაზეა.

აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორის მოადგილის ნონა ეფაძის განცხადებით, მოლოდინი აქვთ, რომ აჭარაში უახლოეს დღეების კორონავირუსის შემთხვევები იკლებს.

გურიაში ჯამში კორონავირუსის 49 შემთხვევაა დაფიქსირებული. ამის შესახებ NCDC-ის გურიის განყოფილების ხელმძღვანელი არცილ მჟავია აცხადებს. ის ამბობს, რომ დღეს ოზურგეთის ერთ მცხოვრებს დაუდასტურდა ვირუსი, გუშინ კი ორი პაციენტი გამოვლინდა სოფელ ლაითურში.

იმერეთში კორონავირუსის 19 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. იმერეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის ზვიად შალამბერიძის, ინფორმაციით ახალი შემთხვევების ძირითადი ნაწილის ინფიცირების წყარო ე.წ. ოქროს ბირჟის კლასტერს უკავშირდება.

ცნობილია, რომ „ოქროს ბირჟის კლასტერიდან“ 5 კოვიდინფიცირებული ქუთაისის კლინიკა „ბომონდშია“ გადაყვანილი. კლინიკის სტაციონარში დადასტურებული „კოვიდ-19“-ით 79 პაციენტი მკურნალობს. „კრიტიკულად მძიმეა ერთი პაციენტის მდგომარეობა. დღეს ველოდებით გამოჯანმრთელებაზე ოთხი ბავშვის ლაბორატორიული კვლევის შედეგებს, ხოლო სასტუმროში, კარანტინში გადავა მსუბუქი სიმპტომის მქონე რამდენიმე პაციენტი“, – ამბობს კლინიკა „ბომონდის“ კლინიკური მენეჯერი მამია ყიფიანი.

დღევანდელი, 196 შემთხვევიდან 2 დადასტურდა სამეგრელოს რეგიონში, სენაკში. ინფიცირებულები სკოლის მოსწავლეები არიან. ისინი პედაგოგთან იყვნენ კონტაქტში. ადგილობრივი საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელი ანა ჭიჭაღუა ამბობს, რომ მათი მდგომარეობა სტაბილურია და იკვლევენ კონტაქტებს.  სენაკის საჯარო სკოლა, სადაც პედაგოგსა და ორ მოსწავლეს კორონავირუსი დაუდგინდა , ხვალიდან, 21 სექტემბრიდან დისტანციური სწავლების ფორმაზე გადავა. სენაკში ჯამში ვირუსის 6 შემთხვევაა გამოვლენილი.

ორი შემთხვევა გამოვლინდა ფოთში. ადგილობრივი საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის  ინფორმაციით, ისინი ბათუმელი ექიმის კლასტერიდან არიან. ფოთში ვირუსის 9 შემთხვევაა დაფიქსირებული.

„სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში არსებულ ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიაში გუშინ გაიტესტა 437 ნიმუში. გამოვლინდა რვა ახალი შემთხვევა. ორი ეკუთვნის სენაკელი ქალბატონის კონტაქტებს. ასევე სამი ინფიცირებულია ფოთში. ორი შემთხვევა საბერიოს კლასტერია და ერთი არის კოვიდინფიცირებული მცირეწლოვანი, რომელიც დედასთან ერთად გადმოყვანილია აფხაზეთიდან“, -განაცხადა რეგიონში სახელმწიფო რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებელმა მალხაზ თორიამ.

შიდა ქართლში გამოვლენილი ერთი ახალი შემთხვევა გორს უკავშირდება. ინფიცირებული, ტირძნისში, 18 სექტემბერს დადასტურებული შემთხვევის კონტაქტია. კოვიდინფიცირებული არასრულწლოვანია.

ახალი 196 შემთხვევიდან ორი გამოვლინდა რუსთავში. ადგილობრივი საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, ორივე დადასტურებულ შემთხვევასთან კონტაქტები არიან.

ასევე, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოაქვეყნა განცხადება და თქვა, რომ კორონავირუსი, ბოლო დღეების კვლევებით, 11 თანამშრომელს დაუდგინდა.

უწყების ცნობით, 6 შემთხვევა აჭარაში, დაცვის პოლიციის დეპარტამენტში დაფიქსირდა. 1 შსს-ს მომსახურების სააგენტოს ბათუმის სტრუქტურულ ერთეულში. 1 ბათუმში შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ოპერატიულ-საგამოძიებო მთავარ სამმართველოში. კორონავირუსი დაუდასტურდა შსს-ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის საზღვრის მართვისა და კოორდინირების მთავარი სამმართველოს 1 თანამშრომელს ასევე აჭარაში. კორონავირუსის 2 ფაქტი დადასტურდა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურშიც. აქედან 1 ბათუმში, მეორე კი ქალაქ რუსთავში.