ლუკაშენკოს ინაუგურაცია არასაჯაროდ და დაანონსების გარეშე გაიმართა

პუბლიკა

ალექსანდრე ლუკაშენკომ, რომლის მეექვსე ვადით არჩევასაც ბელარუსში გასული თვის განმავლობაში მწვავე პროტესტი მოჰყვა, ინაუგურაცია დაანონსების გარეშე გამართა და ახალი ვადით შეუდგა პრეზიდენტობას.

BBC ბელარუსის სახელმწიფო მედიაზე დაყრდნობით წერს, რომ მინსკის ცენტრში, დამოუკიდებლობის სასახლეში გამართულ ცერემონიას რამდენიმე ასეული სტუმარი დაესწრო. ხოლო ლუკაშენკოს ესკორტს რომ შეუფერხებლად გაევლო, დედაქალაქის ქუჩები დაკეტეს.

როგორც BBC წერს, პრეზიდენტების ინაუგურაცია ჩვეულებრივ როგორც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სახელმწიფოებრივი მოვლენა, წინასწარ ცხადდება და საჯაროდ იმართება. ამის ნაცვლად, ბელარუსში დღეს სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო „ბელტამ“ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ლუკაშენკოს ინაუგურაცია გაიმართა და პრეზიდენტი მოვალეობის შესრულებას შეუდგა.

ოპოზიციურად განწყობილმა Telegram არხმა Nexta-მ კი გაავრცელა მოწოდება, რომ დღეს, ბელარუსის დროით, 18:00 საათიდან მოქალაქეები ქუჩაში გამოვიდნენ და საპროტესტო აქცია განაახლონ, ავტომობილის მძღოლებმა კი მანქანები გააჩერონ და მოძრაობა შეაფერხონ.

„დღეიდან ის [ლუკაშენკო] ოფიციალურად გახდა ბანდიტი და თაღლითი, რომელსაც ცივილიზებულ სამყაროში არავინ აღიარებს“, – წერს არხი.

ალექსანდრე ლუკაშენკომ 9 აგვისტოს არჩევნებზე ოფიციალური მონაცემებით ხმები 80% მიიღო და პრეზიდენტი მეექვსე ვადით გახდა. თუმცა არჩევნების ღამესვე ბელარუსში საპროტესტო აქციები დაიწყო. ქუჩაში გამოსული ოპოზიცია და ათასობით მოქალაქე ლუკაშენკოს არჩევნების გაყალბებაში ადანაშაულებდა. არაერთი აქცია სპეცრაზმმა დაშალა, დააკავეს და დაშავდა ათასობით ბელარუსი, რამდენიმე დემონსტრანტი კი დაიღუპა. ოპოზიციის ლიდერთა უმეტესობას ქვეყნის დატოვება მოუხდა, მათ წინააღმდეგ ბელარუსის პროკურატურამ სისხლის სამართლის საქმეები აღძრა.