მოსწავლეები, განსაკუთრებით დაწყებითი კლასის ბავშვები, სასწავლო კლასებში უნდა დაბრუნდნენ – გახარია

პუბლიკა

საკოორდინაციო საბჭოს დაწყებამდე გიორგი გახარიამ განცხადება გააკეთა. მისი თქმით, ნებისმიერი შეზღუდვა, რომელიც შესაძლოა დაწესდეს, იქნება ლოკალური და არა მთელი ქვეყნის მასშტაბით. პრემიერის განცხადებით, შეზღუდვa არ შეეხება ისეთ მიმართულებებს, როგორიც არის ეკონომიკა, განათლება და საარჩევნო პროცესი.

`როდესაც საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებისა და მკაცრი შეზღუდვების დაწესების გადაწყვეტილება მივიღეთ, ჩვენ გავითვალისწინეთ როგორც ქვეყნის რესურსული, ასევე ჯანდაცვის სისტემის მდგომარეობა და მოგეხსენებათ, საქართველოს ჯანდაცვის სისტემა ბევრ განვითარებულ ქვეყანასთან შედარებით სუსტია, მაგრამ ამ შემთხვევაში კარგად გაუმკლავდა ამ გამოწვევას. არ უნდა გვქონდეს იმის ილუზია, რომ ექვს თვეში ჯანდაცვის სისტემა რადიკალურად შეიცვალა. უნდა ვიყოთ მზად იმისთვის, რომ მკაცრი წესებით, დისციპლინით, მაგრამ არა შეზღუდვითა და ეკონომიკის გაჩერებით, ელემენტარული წესების დაცვით  ხელი შევუშალოთ ვირუსის გავრცელებას.

ამასთან, მინდა გითხრათ, რომ ნებისმიერი შეზღუდვა, რომელიც შეიძლება თეორიულად იყოს დაწესებული, იქნება მხოლოდ და მხოლოდ მიზნობრივი და ლოკალური. ეს არ იქნება  სისტემური შეზღუდვა მთელი ქვეყნის მასშტაბით. ეს ვერ იქნება სისტემური შეზღუდვა ჩვენი ცხოვრების ისეთი მიმართულებებით, როგორიც არის ეკონომიკა, განათლება ან, თუნდაც, პოლიტიკური და საარჩევნო პროცესი.

ეს არის ის ძირითადი, რითაც უნდა დაგვეწყო საუბარი. დღეს ჩვენ გვექნება ასევე საბჭო, რომელზეც განვიხილავთ იმ ეტაპებს, რომლითაც დავიწყებთ ქვეყანაში სასწავლო პროცესის აღდგენას, რადგან რისკის გათვალისწინებით, წერტილოვანი შეზღუდვით, მაგრამ ქვეყანაში ნორმალური ცხოვრება უნდა აღდგეს, მათ შორის სასწავლო პროცესიც უნდა აღდგეს და მოსწავლეები, განსაკუთრებით დაწყებითი კლასის ბავშვები, სასწავლო კლასებში უნდა დაბრუნდნენ“, – განაცხადა გახარიამ.