აჭარის ჯანდაცვის ინფორმაციით, კორონავირუსით გარდაცვლილი 27-ე პაციენტი, 54 წლის მამაკაცია. პაციენტი ბათუმის „რესპუბლიკურ კლინიკურ საავადმყოფოში“ 20 სექტემბერს შეიყვანეს.
„მამაკაცს აღენიშნებოდა სუნთქვის მწვავე უკმარისობა, ცხელება, ფილტვის 80%-ის დაზიანება. პოსტრეანიმაციული ღონისძიებების შემდეგ, პაციენტი მოთავსდა რეანიმაციულ განყოფილებაში. პაციენტის მდგომარეობა კლინიკაში შეყვანისთანავე შეფასდა რთულად“, – აღნიშნულია აჭარის ჯანდაცვის განცხადებაში.
მათივე ინფორმაციით, პაციენტს ჰქონდა რთული ანამნეზი: მკერდუკანა ჯირკვლის კიბო, სუნთქვის უკმარისობა, გულის უკმარისობა. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებით, კლინიკაში ყველა შესაბამისი ღონისძიება ჩატარდა, თუმცა თანმდევი დაავადებების სირთულიდან გამომდინარე პაციენტის გადარჩენა ვერ მოხერხდა.
25 სექტემბრის განახლებული მონაცემებით საქართველოში კორონავირუსის 265 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა და გამოჯანმრთელდა კიდევ 54 პაციენტი.
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელის, მარინა ენდელაძის ინფორმაციით, კორონავირუსის დღევანდელი შემთხვევები რეგიონებში შემდეგნაირად განაწილდა:
- აჭარა – 165;
- იმერეთი – 27;
- კახეთი – 6;
- თბილისი -43;
- სამეგრელო-ზემო სვანეთი – 6;
- სამცხე-ჯავახეთი -4;
- ქვემო ქართლი – 3;
- შიდა ქართლი – 2.
მარინა ენდელაძის ინფორმაციით, აქტიური საქმეებიდან 17 პაციენტი კრიტიკულად მძიმეა.