ვნახე სხვა დაპატიმრებული ქართველები. კარგად არიან. ელიან გათავისუფლებას – მღებრიშვილის პირველი კომენტარი

პუბლიკა

„იქ კარგად მექცეოდნენ, პრობლემა არ მქონია…“, – განუცხადა  ტელეკომპანია „მთავარს“ ხვიჩა მღებრიშვილმა, რომელიც 3-თვიანი ტყვეობის შემდეგ რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა დღეს გაათავისუფლეს.

„ღამურების ამბავი სისულელეა.. რაღაცა მოაგონდათ, რაღაცა ლაბორატორიაო… რის ლაბორატორია, ინგლისურიც არ ვიცი“, – აღნიშნა მღებრიშვილმა.

ხვიჩა მღებრიშვილის განცხადებით, ცხინვალის ციხეში ყოფნისას სხვა დაპატიმრებული ქართველებიც ნახა, რომლებიც, მისივე თქმით, კარგად არიან და ელოდებიან გათავისუფლებას.

საოკუპაციო რეჟიმი ამტკიცებდა, რომ საქართველოს მოქალაქე მათ მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე ღამურების დასაჭერად გადავიდა, რათა შემდეგ თითოეული 5000 აშშ დოლარად გაეყიდა.

საოკუპაციო რეჟიმის განცხადებაში აღნიშნული იყო, რომ სამხრეთოსეთური ღამურების მიმართ ლუგარის ცენტრი განსაკუთრებულ ინტერესს იჩენდა. მათი თქმით, ლუგარის ცენტრი ამერიკის თავდაცვის დეპარტამენტთან ერთად სპეციალურ პროექტში იყო ჩართული, რომლის მიზანიც კორონავირუსისა და ღამურების კვლევაა.

„ეს მხოლოდ და მხოლოდ ღიმილისმომგვრელია, იმდენად არასერიოზულია ეს ყველაფერი, ამაზე კომენტარიც არ შეიძლება გაკეთდეს. ადამიანი, თურმე, წავიდა, რომ იქ ღამურა დაეჭირა და მერე ლუგარის ცენტრისთვის მიეყიდა.  ეს ისეთი ზღაპარია, რომელსაც არც ერთი ჩემი შვილიშვილი არ დაიჯერებს“, – ასე გამოეხმაურა დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე რამდენიმე თვის წინ ამ თემას.

ლუგარის ლაბორატორიაზე ამ და სხვა განცხადებებს საქართველო და საერთაშორისო საზოგადოება მიზანმიმართული დეზინფორმაციად აფასებს.


საოკუპაციო რეჟიმის მიერ ე.წ. საზღვრის დარღვევის ბრალდებით დაკავებული ხვიჩა მღებრიშვილი ცხინვალის ციხიდან დღეს გაათავისუფლეს.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსის მოადგილის, ირაკლი ანთაძის თქმით, ხვიჩა მღებრიშვილს ძალადობის ვიზუალური ნიშნები არ აღენიშნება.