საოკუპაციო რეჟიმი - ხვიჩა მღებრიშვილი ღამურების დასაჭერად იყო გადმოსული

საოკუპაციო რეჟიმი, მათივე თქმით,  უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქის, ხვიჩა მღებრიშვილის ჩვენების ვიდეოს ავრცელებს.

საოკუპაციო რეჟიმის განცხადებით, საქართველოს მოქალაქე მათ მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე ღამურების დასაჭერად გადავიდა, რათა შემდეგ თითოეული 5000 აშშ დოლარად გაეყიდა.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ სამხრეთოსეთური ღამურების მიმართ ლუგარის ცენტრი განსაკუთრებულ ინტერესს იჩენდა. მათი თქმით, ლუგარის ცენტრი ამერიკის თავდაცვის დეპარტამენტთან ერთად სპეციალურ პროექტშია ჩართული, რომლის მიზანიც კორონავირუსისა და ღამურების კვლევაა.

ხვიჩა მღებრიშვილი სოფელ აძვისთავის მიმდებარე ტერიტორიაზე საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა 3 ივლისს დააკავეს და კარანტინში მოათავსეს. კარანტინში ყოფნის ვადა მას 17 ივლისს ეწურება.

რუსეთი ლუგარის ცენტრის შესახებ დეზინფორმაციას უკვე მრავალი წელია მიზანმიმართულად ავრცელებს.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა, მარია ზახაროვამ 17 აპრილისაც განაცხადა, რომ პოსტსაბჭოთა ქვეყნებში არსებული ამერიკული ლაბორატორიები საზოგადოებრივი ჯანდაცვისთვის საფრთხის შემცველია. ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებში არსებული ამერიკული ლაბორატორიების შესახებ ცრუინფორმაცია არაერთხელ გაუვრცელებია.