აზერბაიჯანის ხელისუფლების მტკიცებით, ყარაბაღში რამდენიმე სოფელი და სიმაღლე აიღეს

პუბლიკა

აზერბაიჯანის სახელისუფლებო მედია აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით წერს, რომ დილით დაწყებული დაპირისპირების შემდეგ აზერბაიჯანის შეიარაღებულმა ძალებმა რამდენიმე სოფელი დაიკავეს.

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს პრესსპიკერის თქმით, მათ დაიკავეს 6 სოფელი, გაანადგურეს მოწინააღმდეგის პოზიციები და აიღეს რამდენიმე სტრატეგიული სიმაღლე. მოგვიანებით გავრცელდა ინფორმაცია, რომ აზერბაიჯანმა კიდევ ერთი სოფლის დაკავება მოახერხა. მთიანი ყარაბაღის დე ფაქტო ხელისუფლება ამ ინფორმაციას უარყოფს.

აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის დაწყებული დაპირისპირების შედეგ აზერბაიჯანული მედიის ინფორმაციით, სატელეფონო საუბარი გაიმართა ილჰამ ალიევსა და თურქეთის პრეზიდენტს, რეჯეპ ტაიპ ერდოღანს შორის. ასევე სატელეფონო საუბარი გამართეს აზერბაიჯანისა და თურქეთის თავდაცვის მინისტრებმა.

ხოლო რუსული მედიის ინფორმაციით, დღეს სატელეფონო საუბარი შედგა რუსეთისა და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრებს შორის. მოგვიანებით კი სერგეი ლავროვი თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრს ელაპარაკა.

მთიან ყარაბაღში სამხედრო დაპირისპირება დღეს დილით დაიწყო. სომხეთის ხელისუფლება ამტკიცებს, რომ იერიში პირველად, 07:10 საატძე აზერბაიჯანის სამხედრო ძალებმა მიიტანეს. აზერბაიჯანში კი აცხადებენ, რომ დაპირისპირება სომხეთის მეირ მოწყობილი პროვოკაციით დაიწყო და აზერბაიჯანელები კონტრშეტევაზე გადავიდნენ.

დღეს დილას დაწყებულ სამხედრო დაპირისპირებას მოჰყვა მსხვერპლი. სომხეთის თავდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ მათ ჩამოაგდეს რამდენიმე უპილოტო საფრენი აპარატი და სამხედრო ვერტმფრენი, ასევე გაანადგურეს რამდენიმე ტანკი. უწყება 2 აზერბაიჯანული ტანკის აფეთქების ვიდეოსაც ავრცელებს. აზერბაიჯანის ხელისუფლება კი აცხადებს, რომ მათაც არაერთი სომხური სამხედრო ტექნიკა გაანადგურეს.