დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელძემ საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა, რომ საქართველოში ყოველდღიური შემთხვევები გაიზრდება.
„მთავარია, რომ სისტემა [ეპიდსიტუაციას] მართავს ამ ეტაპზე და ეს ეპიდსიტუაცია ქვეყანაში რჩება სრულად მართვადი და კონტროლირებადი. შემთხვევათა რაოდენობა ყოველდღიურად იმერყევებს ჯერჯერობით 200-400, შესაძლოა 500-ს შორისაც. მაგრამ 70% ჯერჯერობით მოდის ისევ და ისევ (დღევანდელი მონაცემით 72%) აჭარაზე“, – აღნიშნა გამყრელიძემ.
ამირან გამყრელიძის განმარტებით, სწორედ ამიტომაა აჭარისკენ მიმართული მთელი ყურადღება. მისივე თქმით, დაავადებათა კონტროლის ცენტრის რამდენიმე ჯგუფი მუშაობს აჭარაში – ეპიდემიოლოგებისა და PCR ტესტირებების ტექნოლოგების სპეციალისტები. გამყრელიძის განცხადებით, მაქსიმალურად იმართება აჭარის 2 ლაბორატორიაც.
„ვფიქრებთ, რომ ჩვენ დავასტაბილურებთ ამ მდგომარეობას აჭარაში და მთლიანად ქვეყანაშიც“, – განაცხადა მან.
დღეს საქართველოში კორონავირუსის 298 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. გარდაიცვალა კორონავირუსის მქონე კიდევ 3 პაციენტი გარდაიცვალა.
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელმა, მარინა ენდელაძის ინფორმაციით, კორონავირუსის შემთხვევები რეგიონების მიხედვით შემდეგნაირად გადანაწილდა: აჭარა – 175; იმერეთი – 38; თბილისი – 32; გურია – 16; სამეგრელო-ზემო სვანეთი – 14; სამცხე-ჯავახეთი – 11; ქვემო ქართლში – 7; კახეთში – 4.
დღეს განახლებული მონაცემები ასე გამოიყურება:
- კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა – 5552;
- აქედან გამოჯანმრთელდა – 2054;
- გარდაიცვალა – 31;
- კარანტინის რეჟიმში – 5637;
- სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 836;
- კოვიდსასტუმროში მყოფი პირი – 800;
- *უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს მოქალაქე – 41.