პირი, რომელსაც მე-12 დღეს სიმპტომი აღარ აღენიშნება, ჩაითვლება გამოჯანმრთელებულად - გაბუნია

პუბლიკა

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, დღეს ჯანდაცვის სამინისტრომ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრიდან მიიღო ახალი რეკომენდაციები იმის შესახებ, როგორ შეფასდეს უსიმპტომო პირების გამოჯანმრთელების სტატუსი.

გაბუნიას განმარტებით, მსოფლიოში ამასთან დაკავშირებით უკვე შეცვლილია რეკომენდაციები, კერძოდ, მისი განმარტებით, აშშ-ის დაავადებათა კონტროლის ცენტრისა და ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ გაკეთდა განცხადება იმის შესახებ, რომ სიმპტომების გამოვლენიდან 8 დღეში ადამიანი პრატქიკულად გადამდები აღარ არის, – ტესტი შესაძლოა დადებითი იყოს, მაგრამ ვირუსის უნარი, დააინფიციროს სხვა, მინიმალურია, პრაქტიკულად არ არსებებს.

„სქემა, რომელიც განვიხილეთ და რაც ასახული იქნება ჯანდაცვის სამინისტროს გაიდლაინებში, შეეხება უსიმპტომო პირებისთვის გამოჯანმრთელებულის სტატუსის მინიჭებას. მეთორმეტე დღეს პირი, რომელსაც სიმპტომი აღარ აღენიშნება, ჩაითვლება გამოჯანმრთელებულად და მას შეუძლია დაუბრუნდეს სოციალურ აქტიურობას ტესტის განმეორებით ჩატარების გარეშე.

რაც შეეხება სიმპტომურ პირებს, რომლებიც იმყოფებიან საავადმყოფოში, აქ მინიმალური ხანგრძლივობა გამოჯანმრთელებამდე არის 13 დღე, საიდანაც 10 დღე იგულისხმება სიმპტომების პერიოდად და 3 დღე უსიმპტომო პერიოდი. ამასთან ერთად, შესაძლოა, საჭირო იყოს კლინიკური გადაწყვეტილების მიღება იმასთან დაკავშირებით, რამდენად მზად არის

კლინიკურად  პაციენტი, ჩვეულ სოციალურ ცხოვრებას დაუბრუნდეს, თუმცა ეპიდემიოლოგიური რისკების თვალსაზრისით ასეთი პაციენტებიც უკვე მე-14-ე დღეს, თუ ბოლო სამი დღე სიმპტომებისგან თავისუფალია, ითვლება, რომ აღარ წარმოადგენენ რისკს საზოგადოებრივი ჯანდაცვის კუთხით“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.