პარლამენტმა შრომის რეფორმის შესახებ კანონი მიიღო

ნათია ამირანაშვილი

პარლამენტმა შრომის რეფორმის კანონი მიიღო. დღეს პლენარულ სხდომაზე საკანონმდებლო პაკეტი მესამე მოსმენით განიხილეს.

შრომის ინსპექციის შესახებ კანონპროექტის მომხრე 85 დეპუტატი იყო, წინააღმდეგ ხმა არავის მიუცია. შრომის კოდექსში შესატან ცვლილებებს კი 82 მომხრე ჰყავდა. საბოლოო ჯამში, პარლამენტმა საკანონმდებლო პაკეტი ბოლო, მესამე მოსმენით მიიღო.


საკანონმდებლო პაკეტი მოიცავს ცვლილებებს შრომის კოდექსში, და ასევე, იქმნება კანონი შრომის ინსპექციის შესახებ.

კანონპროექტის მიხედვით, უნდა შეიქმნას შრომის ინსპექციის სამსახური, რომლის იურიდიული სტატუსი იქნება – სსიპ და დაექვემდებარება ჯანდაცვის სამინისტროს. კანონის მიღების შემთხვევაში, უნდა განხორციელდეს რეორგანიზაცია და შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის ფუნქციები და უფლებამოსილებები გადაეცეს ამ სამსახურს.

ამასთან, შრომის ინსპექციის მანდატს ემატება შრომის უფლებების მონიტორინგიც.

კანონპროექტი დამოუკიდებელი დეპუტატის დიმიტრი ცქიტიშვილის ავტორობითაა მომზადებული, ინიციატორები კი მასთან ერთად არიან: სოფიო კილაძე, დავით მათიკაშვილი, თამარ ჩუგოშვილი, ირაკლი კობახიძე, რატი იონათამიშვილი და თამარ ხულორდავა.

„შრომის ინსპექცია სრულად იწყებს ამოქმედებას პირველი იანვრიდან. ინსპექციის კანონი სრულად შედის ძალაში გამოქვეყნებისთანავე, მაგრამ ცალკეული ნორმები, რაც ეხება რეორგანიზაციას, სხვა ტექნიკურ მოთხოვნებს, პირველი იანვრიდან ეს ყველაფერი სრულად ამოქმედდება”, – აცხადებს „პუბლიკასთან” დიმიტრი ცქიტიშვილი.