დავით გარეჯის კომისიის წევრების სახლსა და ოფისში ჩხრეკა მიმდინარეობს

პუბლიკა

დავით გარეჯის კომისიის წევრის, ნატალია ილიჩოვას, სახლში, ასევე დავით გარეჯის კომისიის ყოფილი თავმჯდომარის, ივერ მელაშვილის, ოფისში ჩხრეკა მიმდინარეობს. ამის შესახებ ინფორმაციას „პუბლიკას“ გენერალურ პროკურატურაში უდასტურებენ.

„კურიერის“ ინფორმაციით, ნატალია ილიჩოვაა ის პირი, ვისგანაც გამოძიებამ 1938 წლის რუკის ორიგინალი ამოიღო. „რუსთავი 2-ის“ ვარაუდით, სწორედ ამას უკავშირდება მიმდინარე საგამოძიებო მოქმედებები მის სახლში.


30 სექტემბერს ცნობილი გახდა, რომ პროკურატურა საქართველო-აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციის პროცესში მონაწილე ექსპერტების ქმედებების კანონიერებას იძიებს. უწყებაში აცხადებენ, რომ დელიმიტაციის კომისიამ საქართველო-აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვრის გარკვეული მონაკვეთები არამართლზომიერად, ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული ინტერესების საზიანოდ შეათანხმა.

პროკურატურის განცხადებიდან არ ჩანს, როდის არის ჩადენილი სავარაუდო დანაშაული, რომელზეც საუბრობენ. აღსანიშნავია, რომ აზერბაიჯანისა და საქართველოს საზღვრის დემარკაციის საკითხზე კომისია პირველად 1996 წელს ჩამოყალიბდა და დღემდე მოქმედებს, ოღონდ, რამდენიმე წელიწადში ერთხელ იკრიბება. კომისია ბოლოს 2019 წლის 23-24 მაისს ბაქოში შეიკრიბა.

პროკურატურის ამ განცხადებას წინ უძღოდა 24 სექტემბერს საქართველოსა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა.

ამ შეხვედრის შემდეგ დავით ზალკალიანმა განაცხადა, რომ ნაპოვნია ახალი კარტოგრაფიული მასალა, დოკუმენტები და ექსპერტული დასკვნები, რომლებიც აზერბაიჯანულ მხარეს გადაეცა. ზალკალიანის თქმით, ამ გარემოებებმა, შესაძლოა, გამოიწვიოს 2006-2007 წლების შეთანხმების გადახედვა და იმედი გამოთქვა, რომ საზღვრის დემარკაცია-დელიმიტაციის პროცესში პროგრესი იქნება.


დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის 16 მონასტრიდან 3 აზერბაიჯანის ტერიტორიაზე – ბერთუბანი, ჩიჩხიტური და უდაბნო. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ მხარეების დროებითი შეთანხმების საფუძველზე, პირობითი საზღვარი გაივლო ისე, რომ სამონასტრო კომპლექსში საქართველოდან მიმავალ ტურისტებსა და მომლოცველებს ამ 3 ტაძრის მონახულებაც ჩვეულებრივად შეეძლოთ. დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის ამ ნაწილთან მისასვლელი გზა აზერბაიჯანელმა მესაზღვრეებმა 2012 წლის მაისშიც გადაკეტეს 2 კვირით. 2012 წლის 20 მაისს ჩიკაგოში საქართველოსა და აზერბაიჯანის პრეზიდენტებს შორის გამართული შეხვედრის შემდეგ, მხარეები სადავო მონაკვეთზე სტატუს კვოს აღდგენაზე შეთანხმდნენ და აზერბაიჯანულმა მხარემ დავით გარეჯში გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვა მოხსნა.

2019 წლის 14 ივლისს საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის დავით გარეჯის მონაკვეთზე ადგილობრივ მოსახლეობასა და აზერბაიჯანელი მესაზღვრეებს შორის დაპირისპირება მოხდა. ამის შემდეგ აზერბაიჯანულმა მხარემ გაზარდა მესაზღვრეების რაოდენობა მოცემულ მონაკვეთზე. პარალელურად, ამ მონაკვეთზე გაიზარდა ქართველი მესაზღვრეების რაოდენობაც.