საქართველოს იუსტიციის სამინისტროს განცხადებით, ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტმა მერაბიშვილის საქმეზე დებატების გამართვა საჭიროდ აღარ ჩათვალა და 2021 წლის მარტამდე საქმის განხილვას აღარ დაუბრუნდება.
როგორც უწყების განცხადებაშია აღნიშნული, ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტმა ვანო მერაბიშვილის საქმის აღსრულების პროცესი დებატების გარეშე შეაფასა.
„კომიტეტის ზედამხედველობა შეეხება მერაბიშვილის საქმის მხოლოდ ერთ ასპექტს – საკნიდან შესაძლო გაყვანის ეპიზოდს. ყველა სხვა ასპექტი, როგორიცაა მისი დაკავებისა და პატიმრობის კანონიერება, დღის წესრიგიდან ჯერ კიდევ 2018 წლიდანაა მოხსნილი: როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, კომიტეტმა გაიზიარა მთავრობის პოზიცია, რომ მას სასჯელი ბოლომდე უნდა მოეხადა და არ არსებობდა ციხიდან ვადაზე ადრე გამოსვლის რაიმე საფუძველი“, – წერია იუსტიციის სამინისტროს განცხადებაში.
იუსტიციის სამინისტროს ცნობითვე, კომიტეტის გადაწყვეტილებაში აღნიშნულია, რომ განახლებული გამოძიების ფარგლებში საქართველომ განახორციელა მთელი რიგი საგამოძიებო მოქმედებებისა.
„კერძოდ, სხვებს შორის, გაანალიზდა ვიდეოკამერების ჩანაწერები და შედგა შესაბამისი ოქმები; გამოიკითხა მრავალი მოწმე, მოპოვებულ იქნა სატელეფონო კომუნიკაციებისა და ანძების მონაცემები. ამასთან, მინისტრთა კომიტეტმა საქართველოს საგამოძიებო ორგანოებს მოუწოდა, გაგრძელდეს ეფექტიანი გამოძიება და განხორციელებული საგამოძიებო მოქმედებების შესახებ ინფორმაცია მიეწოდოს კომიტეტს“, – წერია განცხადებაში.
ამასთან, იუსტიციის სამინისტროს განცხადებით, მინისტრთა კომიტეტი მიესალმება, რომ სახალხო დამცველსა და მომჩივანს აქვთ საგამოძიებო მასალებზე სრული წვდომა, რაც, სამინისტროს თქმით, მნიშვნელოვანია, რათა გამოძიების შედეგებს ჰქონდეს საზოგადოების მხრიდან მაღალი ნდობა.
„ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, მინისტრთა კომიტეტმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ მერაბიშვილის საქმის განხილვას 2021 წლის მარტამდე აღარ დაუბრუნდება. სტრასბურგის სასამართლოს დიდმა პალატამ ვანო მერაბიშვილის საქმე 2017 წლის ნოემბერში განიხილა და დარღვევა მხოლოდ ერთ ნაწილში − საკნიდან შესაძლო გაყვანის ეპიზოდში დაადგინა. მერაბიშვილის პატიმრობა დიდმა პალატამ კანონიერად მიიჩნია“, – წერია იუსტიციის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ევროსაბჭოს გადაწყვეტილებას გამოეხმაურა თავად ვანო მერაბიშვილიც.
„ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტმა გუშინდელ სხდომაზე გადაწყვეტილება მიიღო ციხიდან ჩემი გაყვანის ფაქტზე მიმდინარე გამოძიების შესახებ, რის გამოც, პირველად სტრასბურგის სასამართლოს ისტორიაში, დიდმა პალატამ დაადგინა ევროკონვენციის 18-ე მუხლის დარღვევა და პოლიტპატიმრად მაღიარა“, – წერს ვანო მერაბიშვილი.
მერაბიშვილი განცხადებით, ის დარწმუნებულია, რომ მისი თქმით, „ამჟამინდელი ხელისუფლება ამ საქმეს არ გამოიძიებს და ვეღარც გამოიძიებს, ვინაიდან ამ პოლიტიკურ ძალას ხელისუფლებაში ყოფნის სულ რაღაც ერთი თვე დარჩა.“
„მაგრამ, ასევე დარწმუნებული ვარ, რომ უკვე მას შემდეგ, რაც ერთ თვეში ეს ხელისუფლება შეიცვლება, პროკურატურა შეძლებს ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტის რეკომენდაციების შესრულებას და ამ საქმეზე სიმართლის დადგენას“, – წერს მერაბიშვილი სოციალურ ქსელში.