ბედნიერი ვარ, რომ თქვენი მმართველობის ხანაში მაქვს პატივი, ვიყო პრეზიდენტი – ზურაბიშვილი ილია II-ს

პუბლიკა

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქისთვის საპატიო დოქტორის (honoris causa) ხარისხის მინიჭების ცერემონიას დაესწრო. ილია II-ს დღეს საპატიო დოქტორის წოდება მიენიჭა.

„დღეს როცა ჩვენი ორი მოძმე ქვეყანა ომობს და კავკასიის წმინდა მიწაზე კვლავ იღვრება ძმების სისხლი, თქვენი ლოცვა მშვიდობისთვის, მწამს, აგვაცილებს განსაცდელს და მოგვიტანს მშვიდობას“, – მიმართა პრეზიდენტმა პატრიარქს.

სალომე ზურაბიშვილის მიმართვას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.  

„თქვენ განსაცდელის ჟამს მოგიწიათ საქართველოს სულიერი მწყემსობა. განსაცდელი არ ილევა, მსოფლიო ახალ ტურბულენტურ ეპოქაში შედის.

მე მიმაჩნია, რომ ჩვენი ეპოქის უდიდესი პიროვნება ბრძანდებით და ბედნიერი ვარ, რომ თქვენი მმართველობის ხანაში მაქვს პატივი, ვიყო საქართველოს პრეზიდენტი“, – აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა.

ღონისძიებას კათოლიკოს-პატრიარქის ტახტის მოსაყდრე მეუფე შიო, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე და მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.