ხუნდაძის ბიუროსთან 6 აქტივისტი, მათ შორის ბექა ნათელაშვილიც დააკავეს

პუბლიკა

მცხეთაში, დიმიტრი ხუნდაძის მაჟორიტარულ ბიუროსთან სამოქალაქო მოძრაობა „გაბედეს“ რამდენიმე წევრი დააკავეს. დაკავებულთა შორის არის ბექა ნათელაშვილიც. შს სამინისტროს ინფორმაციით, აქციაზე დააკავეს 6 აქტივისტი, აქედან 4 მოძრაობა „გაბედეს“ წევრია, ორი “ქართული ოცნების”.  ექვსივე პირი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლით არის დაკავებული.

ორგანიზაციის facebook გვერდზე გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, აქციის მონაწილე სამი პირი მცხეთის სამმართველოშია გადაყვანილი.

დღეს სამოქალაქო მოძრაობა „გაბედეს“ წევრები მცხეთაში დიმიტრი ხუნდაძის სამაჟორიტარო ოფისთან აქციას მართავდნენ. აქციის მონაწილეთა პროტესტს წინააღმდეგობა გაუწიეს ადგილზე შეკრებილებმა ადამიანებმა.  მოხდა ფიზიკური დაპირისპირებაც. აქციის მსვლელობისას პროტესტის მონაწილეებს ესაუბრებოდა მცხეთის მერი გიორგი კაპანაძეც. ის მათ მოუწოდებდა, დაეტოვებინათ მიმდებარე ტერიტორია.

ბექა ნათელაშვილი 22 ნოემბერს სუს-თან გამართულ აქციაზეც დააკავეს. სუს-თან მიმდინარე საპროტესტო აქციაზე პოლიციამ ჯამში 6 პირი დააკავა.