NGO-ები ირაკლი ბებუას საქმეზე საერთაშორისო ორგანიზაციებს მიმართავენ

პუბლიკა

საქართველოში მოქმედი საზოგადოებრივი ორგანიზაციები საქართველოს მთავრობასა და მის რელევანტურ უწყებებს, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციებსა და დიპლომატიურ კორპუსს მიმართავენ თხოვნითა და მოწოდებით, მათი მანდატის ქვეშ, მიიღონ ყველა სათანადო ზომა ოკუპირებულ აფხაზეთში დაკავებული ირაკლი ბებუას სიცოცხლის, უსაფრთხოებისა და უფლებების დაცვის მიზნით და ხელი შეუწყონ საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე მისი გადმოყვანის პროცესს.

„ირაკლი ბებუას უკანონო დაკავება განსაკუთრებით ყურადსაღებია საქმის პოლიტიკური კონტექსტის და სენსიტიურობის გამო. სოციალურ ქსელებში დაკავებულ ირაკლი ბებუას მიმართ მძიმე კომენტარები კეთდება, ნაწილი მისი სასტიკი დასჯის მოთხოვნას აყენებს.

უკანონო დაკავებები და დაკავების დროს არაადამიანური და სასტიკი მოპყრობა საოკუპაციო რეჟიმებს ახასიათებს. ამგვარ გარემოებებთან კავშირში არაერთი მძიმე საქმე გვახსოვს, მათ შორის, de facto სასჯელაღსრულების დაწესებულებაში საქართველოს მოქალაქე ირაკლი კვარაცხელიას ბუნდოვანებით მოცული გარდაცვალების საქმე, გიგა ოთხოზორიას, არჩილ ტატუნაშვილის, დავით ბაშარულის სიცოცხლის ხელყოფის ტრაგიკული შემთხვევები.

პრობლემურია აფხაზეთის ციხეებში არსებული მდგომარეობა და არასათანადო პირობები იქ მყოფი პატიმრებისთვის, რომლებიც ბაზისურ უფლებებსა და სათანადო საცხოვრებელ პირობებს არიან მოკლებულნი პენიტენციალურ დაწესებულებებში. ციხის მძიმე და არაადაპტირებული პირობები მძიმე დაავადებების გავრცელების მაღალ რისკებს შეიცავს და პირადი ცხოვრების დაცვის და პატივისცემის მინიმალურ გარანტიებსაც არ ქმნის.

ოკუპაციის პირობებში სამართლებრივი მექანიზმების გამოყენების შეზღუდულობა ქმნის სრული დაუსჯელობის და უმოქმედობის განცდას. სწორედ ამიტომ განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს პოლიტიკური მექანიზმების გამოყენებით საერთაშორისო აქტორების ჩართულობას.

ირაკლი ბებუას საქმის კონტექსტის, მასთან დაკავშირებული რისკების გათვალისწინებით, მოგმართავთ თხოვნითა და მოწოდებებით:

საქართველოს მთავრობას

  • გამოიყენოს აფხაზეთის de facto ხელისუფლებასთან კომუნიკაციის ფორმალური და არაფორმალური ფორმატები და ყველა დიპლომატიური მექანიზმი ირაკლი ბებუას გათავისუფლებისა და გადმოცემის მიზნით;
  • უზრუნველყოს სათანადო ადმინისტრაციული და სამართლებრივი ზომების მიღება მის გადმოცემამდე ირაკლი ბებუას უსაფრთხოებისა და უფლებების დაცვის მიზნით;
  • მიიღოს პრევენციული პოლიტიკური ზომები, რომ ირაკლი ბებუას საქმე არ გახდეს გალში მცხოვრები ქართველების შევიწროების კიდევ ერთი საფუძველი.

საერთაშორისო ორგანიზაციებსა და დიპლომატიურ კორპუსს

  • მიიღოთ სათანადო პოლიტიკური, დიპლომატიური და ადმინისტრაციული ზომები დაკავებული ირაკლი ბებუას სიცოცხლის, უსაფრთხოებისა და უფლებების დაცვის ხელშეწყობის მიზნით.
  • განსაკუთრებით აფხაზეთის ტერიტორიაზე მოქმედმა საერთაშორისო ორგანიზაციებმა ხელი შეუწყონ დაკავებული ირაკლი ბაბუას კომუნიკაციას ოჯახთან და მისი ფიზიკური და ფსიქოლოგიური მდგომარეობის შესწავლისა და მონიტორინგის პროცესს”, – აცხადებენ ორგანიზაციები.

საქართველოს მოქალაქე ირაკლი ბებუა გალის რაიონში, 30 სექტემბერს დააკავეს კულტურის სახლის წინ აფხაზური დროში დაწვის ფაქტზე. ვიდეოში, სადაც ირაკლი ბებუა სავარაუდოდ de facto ხელისუფლების სამართალდამცავ ორგანოებთან დაკითხვაზე იმყოფება, თავად ადასტურებს აფხაზეთის დროშის დაწვის ფაქტს, თუმცა უთითებს, რომ მას აფხაზებთან საწინააღმდეგო არაფერი აქვს და პირიქით, ის ამ ორი ხალხის მეგობრული ურთიერთობის მომხრეა და დროშაც სწორედ მათი დაყოფის მიმართ პროტესტის ნიშნად დაწვა სიმბოლურად.

განცხადებაზე ხელმომწერი ორგანიზაციები არიან:

ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC);

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (GYLA);

ადამიანის უფლებათა ცენტრი;

დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი (DRI);

ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი (TDI);

პლატფორმა „სალამი”;

მშვიდობისა და სამოქალაქო განვითარების ცენტრი.