მანქანას, სადაც კახა ოქრიაშვილის მხარდამჭერები ისხდნენ, ესროლეს - ენმ

პუბლიკა

ბოლნისში მანქანას, სადაც „ძალა ერთობაშიას” კანდიდატის კახა ოქრიაშვილის მხარდამჭერები ისხდნენ ესროლეს, – ამის შესახებ ინფორმაციას პარტია „ნაციონალური მოძრაობის” პრესსამსახური ავრცელებს. მათი თქმით, გასროლა იარაღიდან მოხდა, არავინ დაშავებულა.

„ლევან მიქელაძე ოქრიაშვილის შტაბის წევრია. მოძრაობდა ბოლნისიდან მარნეულის მიმართულებით. სადღაც შუა ნაწილში დაუწყეს სროლა. ჰაერში, მანქანას დაჯახებულია და ბამპერზე აქვს ტყვია მონახვედრი… არ დაშავებულა, სოფელ ყიზილაჯლოში ვართ გაჩერებული”, – ამბობს „პუბლიკასთან” საუბრისას გუჯა ჯაფარიძე. მისი თქმით, ის მომხდარის შემდეგ მიქელაძესთან დასახმარებლად მივიდა.

როგორც სამინისტროში განგვიცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე და 236-ე მუხლებით დაიწყო, რაც ნივთის დაზიანებას ან განადგურებას და იარაღის შეძენა, შენახვა, ტარებას გულისხმობს.