ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები დღეს მცხეთაში დიმიტრი ხუნდაძის სამაჟორიტარო ბიუროსთან გუშინ მომხდარი ფაქტს აპროტესტებენ. აქციის მონაწილეებს ადგილზე ხელისუფლების მხარდამჭერები დახვდნენ. ტელეკომპანია „მთავარის“ კადრებში გამოჩნდა, რომ ხელისუფლების მხარდამჭერებმა ენმ-ის წევრს, ზაალ უდუმაშვილს ბოთლი და ცოცხი ესროლეს. აქციაზე მობილიზებულია პოლიცია.
გუშინ მცხეთაში მოძრაობა „გაბედეს“ წევრებმა ხუნდაძის ბიუროსთან აქცია გამართეს, რაც ხელისუფლების მხარდამჭერებმა გააპროტესტეს. მოხდა ფიზიკური დაპირისპირება, რის შედეგადაც დაზიანდა „გაბედეს“ ორი წევრი. პოლიციამ დააკავა 6 პირი, მათ შორის „გაბედეს“ ოთხი წევრი, ორი კი „ქართული ოცნების“ მხარდამჭერი. მოგვიანებით ექვსივე პირი პოლიციამ ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლა.
მცხეთაში მომხდარი ფაქტი გააპროტესტეს გუშინ თბილისში „ქართული ოცნების“ ოფისთან. პროტესტში მონაწილეობდნენ მოძრაობა „სირცხვილიას“ წევრები. აქციაზე მივიდინენ „ქართული ოცნების“ მხარდამჭერები, რომლებიც ასევე დაუპირისპირდნენ „სირცხვილიას“ აქტივისტებს. გუშინ „ქართული ოცნების“ ოფისთან პოლიციას არავინ დაუჭერია.