დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე გრიპის ვაქცინის შესახებაც ისაუბრა.
მისი თქმით, ქვეყანაში გრიპის ვაქცინის 90% უკვე შემოსულია და ამ კვირაში კერძო სექტორსაც ექნება. შესაბამისად, იმ ადამიანებს, რომლებიც რისკჯგუფებში არ შედიან, გრიპის ვაქცინით აცრის საშუალება ექნებათ.
„წელს სახელმწიფომ იყიდა 135 ათასი გრიპის ვაქცინა, მერე დავამატეთ 100 ათასი დოზა და დღეის რიცხვით, შემოსულია ვაქცინის 90% უკვე. ბოლო შემოსვლა იქნება 23 ათასი კიდევ, ნოემბრის შუა რიცხვებში. დანარჩენი ამ 235 ათასიდან დაახლოებით 210 ათასი დოზა შემოსულია ქვეყანაში და მოხდა მისი დისტრიბუცია ქსელში. სად არის ეს ვაქცინები? ძირითადად, პოლიკლინიკებში, სადაც არის ამცრელი კაბინეტები. პოლიკლინიკაში ყველგან უნდა იყოს გრიპის ვაქცინა.
გრიპის ვაქცინა ვის უკეთედება? უკეთდება ყველა რისკჯგუფს და ეს რისკჯგუფები გაფართოებულია. ყველა ამ ადამიანს შეუძლია, თავისუფლად მიმართონ პოლიკლინიკებს, სადაც ისინი არიან აღრიცხულები. ამიტომ კიდევ ერთხელ გთხოვთ, მიმართეთ. გრიპის ვაქცინა მთელი სეზონის განმავლობაში შეიძლება, თუმცა სასურველია, რომ გაიკეთოთ ახლა ნოემბერში“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
მისივე თქმით, ცენტრი მონიტორინგს აწარმოებს და ჯერ ქვეყანაში გრიპის ვირუსი არ ცირკულირებს.