გერმანიის საელჩო საქართველოში აქვეყნებს გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს აღმოსავლეთ ევროპის, სამხრეთ კავკასიისა და ცენტრალური აზიის საკითხთა რწმუნებულის მიხაელ ზიბერტის შეფასებას, რომელიც მან ტვიტერზე დაწერა და საქართველოში გამართულ არჩევნებს გამოეხმაურა.
„ახალმა საარჩევნო სისტემა, რომლითაც საპარლამენტო არჩევნები გაიმართა, გზას უხსნის უფრო მეტ საპარლამენტო პლურალიზმს. მნიშვნელოვანია ამ შანსის გამოყენება. ველით, რომ მეორე ტურში დაცული იქნება საერთაშორისო სტანდარტები. საარჩევნო პროცესში არსებული ნაკლოვანებები უნდა აღმოიფხვრას ყველა პოლიტიკური ძალის ერთიანი ძალისხმევით“, – წერს მიხეილ ზიბერტი.
საპარლამენტო მანდატებზე უარი განაცხადა რვავე ოპოზიციურმა პარტიამ, რომლებსაც, ცესკოს პირველადი მონაცემებით, საპარლამენტო მანდატი ეკუთვნით.
31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების დღის წინასწარი შეფასება წარმოადგინეს ეუთო/ოდირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებმა. ასევე გამოქვეყნდა საქართველოში აშშ-ის საელჩოს განცხადება.
ამერიკის საელჩო იზიარებს ეუთო/ოდირის პირველად შეფასებას, რომ „საქართველოს საპარლამენტო არჩევნები კონკურენტულ გარემოში და ზოგადად ძირითადი თავისუფლებების დაცვით ჩატარდა. ამის მიუხედავად, ამომრჩევლებზე ზეწოლის შესახებ ფართოდ გავრცელებული ბრალდებები და მმართველ პარტიასა და სახელმწიფოს შორის საზღვრის ბუნდოვანება საარჩევნო პროცესის ზოგიერთი ასპექტის მიმართ საზოგადოების ნდობას ამცირებდა”.
ამავე განცხადებაში წერია, რომ „ჩვენ მოვუწოდებთ ყველა პარტიას, გაითვალისწინონ აღნიშნული ხარვეზები მეორე ტურისა და შემდგომი არჩევნებისას. საარჩევნო პროცესის ხელყოფის ეს მცდელობები: ამომრჩევლის დაშინება, მოსყიდვა, ხმის მიცემის ფარულობის დარღვევა, პარტიული და ოფიციალური საქმიანობის არამკვეთრი გამიჯვნა და საარჩევნო დამკვირვებლებსა და ჟურნალისტებზე ძალადობა, მიუხედავად იმისა, რომ შედეგების არალეგიტიმურად ცნობისთვის არ არის საკმარისი, განაგრძობს საქართველოს საარჩევნო პროცესის დაზიანებას და მიუღებელია.“
დღეს არსებული მონაცემების მიხედვით, პარლამენტში 9 საარჩევნო სუბიექტი ხვდება და პროპორციული სიით პარტიებს შორის მანდატები ასე ნაწილდება:
„ქართული ოცნება“ – 61 მანდატი;
„ნაციონალური მოძრაობა – „ძალა ერთობაშია” – 35 მანდატი;
„ევროპული საქართველო“ – 5 მანდატი;
„ლელო“ – 4 მანდატი;
„სტრატეგია აღმაშენებელი“ – 4 მანდატი;
„პატრიოტთა ალიანსი“ – 4 მანდატი;
„გირჩი“ – 4 მანდატი;
„ლეიბორისტები“ – 1;
„მოქალაქეები“ – 2.
რაც შეეხება 30 მაჟორიტარულ ოლქს. გამარჯვებული პირველი ტურში წინასწარი მონაცემებით 14 ოლქში გამოვლინდა. 16 ოლქში კი მეორე ტური გაიმარტება.