Covid-19-ით გარდაცვლილი ცოლ-ქმარი | შვილი ჯანდაცვის სისტემის კოლაფსზე საუბრობს

პუბლიკა

გახდა თუ არა მარიამ კაკაურიძის მშობლების გარდაცვალების მიზეზი დაგვიანებული სამედიცინო დახმარება, ამ კითხვაზე პასუხის მისაღებად იმ კლინიკებს დავუკავშირდით, რომლებზეც მარიამ კაკაურიძე თავის ფეისბუქგვერდზე გამოქვეყნებულ სტატუსში წერს.

მარიამ კაკაურიძე ამბობს, რომ  დედ-მამა კოვიდ 19-ით გარდაეცვალა და მიზეზი სამედიცინო დაწესებულებების შეცდომაა, ასევე, ის, რომ კლინიკაში ყოფნისას პაციენტებმა ადგილზე ვერ მიიღეს საჭირო სამედიცინო მომსახურება.

მარიამ კაკაურიძე წერს, რომ თავდაპირველად, ჩივილების გამო, მამას კლინიკა „ბომონდში“ გაუკეთდა pcr-ტესტი. 3 დღის შემდეგ მიღებული უარყოფითი პასუხის გამო პაციენტი კლინიკიდან გაწერეს. აღნიშნულ ინფორმაციას „პუბლიკასთან“ ადასტურებს კლინიკის წარმომადგენელი და ამბობს, რომ პაციენტი ჩივილებით შეიყვანეს 30 ოქტომბერს და ვინაიდან pcr-მა არ დაადასტურა ინფექციის არსებობა, ის გაწერეს, რადგან კლინიკაში მხოლოდ კოვიდ 19-ით დაავადებულ პირებს მკურნალობენ.

მარიამ კაკაურიძის თქმით, „ბომონდიდან“ გაწერის შემდეგ მამა მალე ისევ შეუძლოდ გახდა და რადგან სასწრაფო სამედიცინო დახმარება დროულად ვერ მივიდა, ოჯახმა თავად გადაიყვანა კლინიკა „გორმედში“, სადაც პაციენტი გარდაიცვალა.

„პუბლიკა“ დაუკავშირდა გორმედის კლინიკურ დირექტორს, ხათუნას შრუბის, რომელმაც გვითხრა, რომ ინფორმაციის მისაღებად წერილობით უნდა მივმართოთ კლინიკას და შეკითხვებზე არ გვიპასუხა. „პუბლიკა“ ასევე დაუკავშირდა კლინიკის მედიასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენელს, რომელიც დაგვიპირდა, რომ კაკაურიძის გარდაცვალებასთან დაკავშირებულ შეკითხვებზე პასუხებს მოგვაწვდის. ინფორმაციას მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.

მარიამ კაკურიძის მონაყოლის მიხედვით, დედა ირინა მიქაძე, მდგომარეობის დამძიმების შემდეგ გადაიყვანეს კლინიკა „უნიქალმედში“, სადაც მისივე თქმით, პალატაში ვერ დააწვინეს და მიმღებში იყო ორი დღე. ის წერდა, რომ დედას სჭირდებოდა რეანიმაცია.  მოხერხდა თუ არა მისი რეანიმაციაში გადაყვანა, ამის გასარკვევად კლინიკის დირექტორს დავუკავშირდით.

კლინიკა „უნიქალმედის“ დირექტორმა, შოთა მარუაშვილმა „პუბლიკასთან“ განაცხადა, რომ პაციენტი მიმღებში არ იმყოფებოდა, არამედ ბოქსირებულ პალატაში იყო და მდგომარეობის დამძიმების შემდეგ გადაიყვანეს რეანიმაციაში. მისივე თქმით, პაციენტი რეანიმაციაში გარდაიცვალა. როგორც შოთა მარუაშვილმა გვითხრა,  პაციენტის მდგომარეობის დამძიმება კორონავირუსმა გამოიწვია,  სხვა შეკითხვებზე პასუხის გაცემა კი არ ისურვა.

აღნიშნულ შემთხვევაზე შეკითხვა დაუსვეს ჯანდაცვის მინისტრს დღეს, საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ.

„კონკრტულ შემთხვევებს ვიცნობ, რა თქმა უნდა და ამ შემთხვევების გარდა, სხვა შემთხვევებსაც ვიცნობ. აქ მნიშვნელოვანია დროულობა და ეფექტიანობა. პირველ ფაქტთან დაკავშირებით  – ის, რომ არ დაუდასტურდა ვირუსი და შემდეგ რამდენიმე დღეში დაუდასტურდა, არ მეტყველებს იმაზე, რომ რამე ხარვეზი იყო ტესტირების კომპონენტში. ეს მეტყველებს იმაზე, რომ ჩვენ ნებისმიერ დღეს და წუთს ვდგავართ დაინფიცირების რისკის წინაშე. სწორედ აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ თავი უნდა დავიცვათ და დისტანციის დაუცველობა გვაყენებს ყველაზე დიდ ზიანს. ჯანდაცვის სექტორი პასუხისმგებლობას იღებს და არ გავურბივართ ამ პასუხისმგებლობას, თუმცა ისეთი შემთხვევები, რომლებიც პაციენტის მდგომარეობიდან გამომდინარე უკვე რთულდება ან – გვიან დაფიქსირებული შემთხვევიდან გამომდინარე, ამ ყოველივეზე ექიმებს პასუხის გაცემა და პასუხისმგებლობის აღება გაუჭირდებათ. მერწმუნეთ 24 საათი ვმუშაობთ, რომ მსგავსი შემთხვევები იყოს მინიმუმამდე დაყვანილი.“ – განაცხადა ეკა ტიკარაძემ.

პაციენტების რეანიმაციაში მოთავსებაზე შეკითხვას კი უპასუხა, რომ ამ გადაწყვეტილებებს ადგილზე იღებენ ექიმები, საჭიროების მიხედვით.

„აქედან გამომდინარე, ასეთი დეტალების განხილვა მინსიტრის მხრიდან არაკორექტურია. ეს დეტალები უფრო მეტად განსახილველია კლინიკურ ჯგუფთან. სამინისტროში რეგულირების სააგენტო არსებობს, რომელიც თითოეულ შემთხვევას სწავლობს.“ – განაცხადა ტიკარაძემ.

საქართველოში ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 2 775 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გამოჯანმრთელდა 3 560  პირი, გარდაიცვალა 22 ადამიანი.

  • კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა –51 993;
  • მათ შორის გამოჯანმრთელებული –37 019;
  • მათ შორის გარდაცვლილი –423;
  • კარანტინის რეჟიმში –3 094;
  • სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ –4 618;
  • კოვიდსასტუმროში მყოფი პირები –2 438.