ეს იყო ე.წ. წიწაკის სპრეი, არ არის ცრემლმდენი გაზი, სხვაობა დიდია - საბანაძე ცესკოსთან აქციაზე

პუბლიკა

„იმ დანაყოფის პირადი შემადგენლობის აღჭურვილობაში, რომელიც მართავს მასებს, არის სპეციალური საშუალება, ე.წ. წიწაკის სპრეი, რომელიც საჭიროების მიხედვით შესაძლებელია, გამოყენებული იქნას, ეს არ არის ცრემლმდენი გაზი, სხვაობა დიდია. ეს არის აეროზოლი, სპრეი“, – ეს განმარტება შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, კახაბერ საბანაძემ ცოტა ხნის წინ გააკეთა. მას კიდევ ერთხელ ჰკითხეს, თუ არა ცრემლმდენი გაზი, მაშინ რა გაუშვეს გუშინ აქციაზე.

8 ნოემბერს, ცესკოსთან მიმდინარე აქციაზე, დაახლოებით, 22:30-ზე სამართალდამცველებმა აირი გაუშვეს. ტელეკომპანია „პირველის“ და “მთავარის“ ჟურნალისტებს, რომლებიც იმ დროს პირდაპირ ეთერში მაუწყებლობდნენ, გაუჭირდათ სუნთქვა და ლაპარაკი. მოგვიანებით, მათგან და აქციის სხვა მონაწილეების მხრიდან გამოითქვა ვარაუდი, რომ სპეცრაზმმა ცრემლმდენი გაზი გაუშვა.

გუშინვე შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, კახაბერ საბანაძემ განაცხადა, რომ გაზის გაშვებაზე ინფორმაცია დეზინფორმაციაა.

„პოლიციას არ გამოუყენებია გაზი და ყველამ მინდა კარგად გაითვალისწინოს, მსგავსი დეზინფორმაციის გავრცელება მიზანშეუწონელია”,- განაცხადა კახა საბანაძემ.


ცესკოსთან სპეცრაზმმა აქციის მონაწილეების წინააღმდეგ წყლის ჭავლი რამდენჯერმე გამოიყენა.

მას შემდეგ, რაც ცესკოსთან საპროტესტო აქციაზე სამართალდამცველებმა კიდევ ერთხელ გამოიყენეს წყლის ჭავლი, ოპოზიციის ლიდერებმა, ალეკო ელისაშვილმა და ნიკა მელიამ საზოგადოებას მოუწოდა, რომ დაშლილიყვნენ და მომდევნო დღეს, ანუ 9 ნოემბერს 18:00 საათზე რუსთაველის გამზირზე შეკრებილიყვნენ.

8 ნოემბერს პარლამენტიდან აქციის მონაწილეებმა ცესკოსთან გადაინაცვლეს. ისინი 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგებს აპროტესტებენ.