მთლიანად ვეთანხმები. უკომპრომისო ბრძოლა გამარჯვებამდე! – ასე გამოეხმაურა მიხეილ სააკაშვილი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის განცხადების განმარტებას.
გრიგოლ ვაშაძემ დღეს საინფორმაციო სააგენტო „ნიუსპოსტზე“ განცხადება გამოაქვეყნა. ის პოლიტიკურ პარტიებს მიმართავს: „მივმართავ ყველა პოლიტიკურ პარტიას: სასწრაფოდ გადავიტანოთ პროცესი მოლაპარაკების მაგიდასთან, ჩავანაცვლოთ ქუჩა ყველა დონის საკანონმდებლო ორგანოების ტრიბუნით და ყველა ძალას მოვუხმოთ სახელმწიფოს ღრმა კრიზისიდან გამოსაყვანად.”
მოგვიანებით, ენმ-ისა და ოპოზიციური პარტიების ლიდერების მხრიდან გაკეთებული განცხადებებით გაირკვა, რომ ოპოზიციური ერთობის სხვა წევრები ვაშაძის განცხადების თაობაზე ინფორმირებულები არ იყვნენ. ხატია დეკანოიძემ განაცხადა, რომ ენმ-ს თავმჯდომარის განცხადება პოლიტსაბჭოსთან არ ყოფილა შეთანხმებული.
თანაპარტიელთა განცხადებების შემდეგ გრიგოლ ვაშაძემ სოციალურ ქსელში თავის გვერდზე თავისივე განცხადება განმარტა და ახალი პოსტი გამოაქვეყნა.
„დამატებით განვმარტავ:
1. მოქალაქეთა პროტესტი უნდა გაგრძელდეს;
2. ამ პროტესტს სასწრაფოდ უნდა დაემატოს პოლიტიკური კომპონენტი – სამართლიანი არჩევნების პრინციპების განხორციელების თაობაზე მოლაპარაკებების სახით სტრატეგიული მოკავშირეების მედიაციით;
3. სანამ/თუ მოლაპარაკებები წარმატებით არ დასრულდება არც მეორე ტურში მონაწილეობას არ ვღებულობთ და არც პარლამენტში არ შევდივართ;
4. ერთხელ და სამუდამოდ ყველა უნდა დავიძაბოთ, რომ მომავალში ქუჩის პროტესტმა ნორმალური პროცესი არ ჩაანაცვლოს არჩევნების გაყალბების გამო“, – წერს ვაშაძე.