მოვუწოდებთ ოპოზიციას, შეწყვიტონ ბოიკოტი და ბრძოლა პარლამენტში გააგრძელონ - სახელმწიფო დეპარტამენტი

პუბლიკა

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა საქართველოში 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით სპეციალური ბრიფინგი გამართა. სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა პირებმა შეაფასეს 2020 წლის არჩევნები და ოპოზიციას მოუწოდეს, მომდევნო არჩევნების უკეთ ჩასატარებლად პარლამენტის შიგნიდან იბრძოლონ.

„ევროკავშირის ელჩმა და ჩვენ ვუმასპინძლეთ შეხვედრებს ყველა პარტიასთან, სადაც მათთან ერთად მოლაპარაკებასა და შექმნილი ჩიხიდან გამოსავლის ძებნას ვცდილობთ. ჩვენ მოვუწოდებთ ოპოზიციას, რომ ცვლილებებისთვის ბრძოლა პარლამენტში გააგრძელონ და შეწყვიტონ ბოიკოტი, რადგან მათ აქვთ გარკვეული რეფლექსი, რომ გამოაცხადონ ბოიკოტი და იბრძოლონ ქუჩიდან. ჩვენ კი მოვუწოდებთ, რომ იბრძოლონ შიგნიდან, რადგან თქვენმა ამომრჩეველმა მხარი ამისთვის დაგიჭირათ, რომ იყოთ პარლამენტში და მოახდინოთ ცვლილებები.

ეს ვნახეთ გასულ ზაფხულსაც, როცა კონსტიტუციური ცვლილებებით მეტად პროპორციული სისტემა იქნა მიღებული და ამ ახალმა სისტემამ რეალურად იმუშავა. ჩვენ ახლა ვხედავთ ისეთ მრავალფეროვან პარლამენტს, რომელიც აქამდე არ ყოფილა, 9 პარტიაა წარმოდგენილი, განსხვავებული ხედვებითა და ღირებულებებით. ვხედავთ მეტ ქალს პარლამენტში საარჩევნო კანონმდებლობის ცვლილების გამო.

ის პრობლემებიც, რომლებიც ამ არჩევნებზე განმეორდა, სწორედ ამ საარჩევნო კანონმდებლობის ცვლილებით უნდა გამოსწორებულიყო. ოპოზიციამ კი პარლამენტს ბოიკოტი გამოუცხადა, საარჩევნო რეფორმაც აღარ გამოვიდა ისეთი კარგი, როგორიც შეიძლებოდა პროცესში მათი მონაწილეობით ყოფილიყო.

ასე რომ, ბოიკოტისკენ მოწოდებით ჩვენ ნანახ ფილმს კიდევ ერთხელ ვუყურებთ. ჩვენ მოვუწოდებთ მათ, რომ შევიდნენ პარლამენტში, იბრძოლონ და გაატარონ მნიშვნელოვანი ცვლილებები საარჩევნო კანონმდებლობაში, რომელიც აღმოფხვრის არსებულ პრობლემებს.

აი ამას ვუჭრეთ მხარს აშშ-სა და ევროკავშირის დიპლომატები: რომ შევძლოთ და მოვახერხოთ მათი დასმა ერთ მაგიდასთან. არა იმისთვის, რომ ჩვენ გამო რაიმე გამოსავალი მოძებნონ, არამედ იმიტომ, რომ გამოსავალი ნახონ მათთვისვე; იმუშაონ და ისწავლონ, როგორ იმუშაონ ერთად, რადგან მათ მოუწევთ ერთად მუშაობა პარლამენტში – რათა შეიმუშაონ პროგრამა, საკანონმდებლო ცვლილებები, რომლებიც მოიცავს მნიშვნელოვან ცვლილებებს საარჩევნო კანონმდებლობაში, მნიშვნელოვან ცვლილებებს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში. და მაშინ, როცა იქნება ახალი არჩევნები, მისი შედეგები იქნება სარწმუნო და მსგავსი შეკითხვები აღარ გაჩნდება“, – განაცხადა სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა ბრიფინგზე.

სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლება ასევე შეაფასეს საპარლამენტო არჩევნებიც. მათი განცხადებით, 2020 წლის არჩევნები სამართლიან და თავისუფალ გარემოში ჩატარდა. ნაკლებად ისმოდა სიძულვილის ენა და აგრესიული მოქმედებები. თუმცა, კიდევ ერთხელ განმეორდა დარღვევები, რომელთა ნაწილიც, მათ შორის, თავად მათმა წარმომადგენლებმა დააფიქსირეს – ამომრჩევლის მოსყიდვა, დაშინება და ადმინისტრაციული რესურსის ჩართვა საჯარო სამსახურებში დასაქმებულთა ხმების გამოყენებით. სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლების განცხადებით, ეს არის დარღვევები, რომლებიც საქართველოში დამოუკიდებლობის მოპოვებიდან დღემდე ჯერ კიდევ ვერ გამოსწორდა.

მათი განცხადებით, საქართველოში, როგორც 30-წლიანი დამოუკიდებლობის მქონე ქვეყანაში დემოკრატიული ინსტიტუტების მშენებლობა ახლა მიმდინარეობს. საარჩევნო კომისიისა და სასამართლო სისტემისადმი უნდობლობა კი იწვევს კითხვებსა და პროტესტს. სწორედ ამიტომ, შესაბამისი კანონმდებლობის დახვეწა, ამ კითხვების არგაჩენას და პროცესის სამართლებრივად წარმართვას შეუწყობდა ხელს.

„სწორედ ეს იყო მიზეზი, თუ რატომ გამართა სახელმწიფო მდივანმა სამოქალაქო საზოგადოებასთან შეხვედრა სასამართლო რეფორმის შესახებ. რადგან, როგორც წესი, თუ ნამდვილად იქნებოდა დამოუკიდებელი სასამართლო სისტემა, არჩევნებთან დაკასირებული ბრალდებები გადაწყდებოდა სასამართლოს გზით და შემდეგ ხალხსაც შედეგების მიმართ ნდობა ექნებოდა“, – განაცხადა სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა.